თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის განახლების კონკურსში „გრანდ პარიზის“ ავტორებიც ჩაერთვნენ

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის განახლების კონკურსში „გრანდ პარიზის“ ავტორებიც ჩაერთვნენ

1031
გაზიარება

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსის შედეგები 1 სექტემბერს გახდება ცნობილი – ამის შესახებ „კვირას“ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.
არქიტექტურის დოქტორი, ურბანისტი მამუკა სალუქვაძე, რომელიც კონკურსის ერთ-ერთი მონაწილეა, იმედოვნებს, რომ ჟიური ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც „კვირას“ მამუკა სალუქვაძემ განუმარტა, ობიექტური ჟიურის პირობებში თბილისს მიეცემა წარმატებული განვითარების შანსი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსთან დაკავშირებით უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 11 საკონკურსო წინადადება იყო წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე, რომელიც 2015 წლის 01 აგვისტოს, 15:00 საათზე დასრულდა, კონკურსანტებს დავალებული ჰქონდათ საკვალიფიკაციო მონაცემების, საორგანიზაციო დოკუმენტებისა და წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) წარმოდგენა. კონკურსის, ახალი გენგეგმის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებზე „კვირა“ კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს – იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქის“ ინტერნაციონალურ შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაციის – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს, არქიტექტურის დოქტორს, ურბანისტს, მამუკა სალუქვაძეს ესაუბრა.
– ბატონო მამუკა, რამდენად მნიშვნელოვანია თბილისისთვის განახლებული გენგეგმა და რა საკითხები უნდა გაითვალისწინოს მან?

– ამჟამად მოქმედი გენგეგმა, რომელიც 2009 წელს იქნა მიღებული, რეგიონში, ქვეყანაში და ქალაქში მომხდარი ცვლილებების კვალდაკვალ განახლებას საჭიროებს. მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა უნდა დაეფუძნოს ქალაქის ისეთ ძლიერ მხარეებს, როგორებიცაა: მისი უნიკალურობა, ინტელექტუალური, მხატვრული და კულტურული ტრადიციები, არაორდინალური ბუნებრივი და ურბანული თავისებურებები, ეკონომიკური და ადამიანური პოტენციალი. აგრეთვე, მის მომგებიან ადგილმდებარეობას სამხრეთ კავკასიაში და კარგ რეპუტაციას ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების კუთხით.
– თქვენი სახელი უკვე მჭიდროდ უკავშირდება „მომავლის ქალაქის“ პროექტს, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. რა კავშირშია ერთმანეთთან თბილისში მიმდინარე პროექტისა და საკონკურსოდ წარმოდგენილი საერთაშორისო გაერთიანების იდენტური სახელი?
– კავშირი პირდაპირია და, ამავე დროს, ლოგიკურიც. გლობალური კვლევითი ინსტიტუტი „ფრაუნჰოფერი“, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახორციელებს პროექტ „მომავლის ქალაქს“, ჩვენი საკონკურსო გაერთიანების ოფიციალური კონსულტანტია. ჩვენ კიდევ ერთი სერიოზული გარანტია შევქმენით იმისთვის, რათა მიმდინარე პროექტის ფარგლებში შესამუშავებელი ქალაქგანვითარების თანამედროვე კონცეფციები არ დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე და მათი ასახვა განახლებული გენგეგმის ძირითად დებულებებსა და გადაწყვეტებში მოხდეს.
– საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება თქვენს გაერთიანებაში შემომავალი პარტნიორების და პროექტის ხელმძღვანელების ჩამონათვალი. მათ შორის „გრანდ პარიზის“ ერთ-ერთი ავტორი, ცნობილი ურბანისტი და ლანდშაფტის არქიტექტორი ალფრედ პეტერიცაა.
– ვფიქრობ, საკონკურსოდ, ამ დროისთვის უძლიერეს ინტერნაციონალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი, რომელსაც არა მხოლოდ თბილისის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ქალაქგეგმარებითი, ურბანული პრობლემების წარმატებით გადაწყვეტა შეუძლია. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ გამოჩენილ ფრანგ და გერმანელ ქალაქმგეგმარებლებთან ერთად, ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, ღვაწლმოსილი ქართველი ქალაქმგეგმარებელი, არქიტექტურის დოქტორი გივი შავდიაა, რომელიც თბილისის პრაქტიკულად ყველა აქამდე არსებულ გენგეგმის შემუშავებაში მონაწილეობდა. კონკურსის შედეგები 1 სექტემბრისთვის გახდება ცნობილი. იმედი ვიქონიოთ, რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი ჟიური ობიექტურად განსჯის თითოეული კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ხედვას და თბილისს წარმატებული განვითარების შანსი მიეცემა.

კომენტარი