როგორი იქნება თბილისის გენგეგმა – გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთი ავტორი “კვირასთან“ პრიორიტეტებზე საუბრობს

როგორი იქნება თბილისის გენგეგმა – გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთი ავტორი “კვირასთან“ პრიორიტეტებზე საუბრობს

1593
გაზიარება

თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის სამი გამარჯვებული კომპანია დაასახელა. პირველი ადგილი იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქის“ პროექტმა დაიკავა.
“კვირას“ გაერთიანება „მომავლის ქალაქში“ შემავალი ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციის “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე პროექტის და მასში გაწერილი პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა.
კომპაქტურობა, კონტროლირებადი მობილურობა, გარემოს დაცვა – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც, მამუკა სალუქვაძის თქმით, დედაქალაქში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, გენგეგმის შემუშავების პროცესში უნდა იქნას გათვალისწინებული. პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან თბილისის მერია ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის საფუძველზეც, არაუგვიანეს 18 თვისა, კომპანიამ სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარმოადგინოს.
“სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი “კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ თბილისის გენერალური გეგმის სრულყოფაზე მუშაობის პროცესი მაქსიმალურად საჯარო იქნება. უფრო მეტიც, გაერთიანება პროექტზე მუშაობისას ჩამოაყალიბებს საზოგადოებრივ საბჭოს, რომელში მონაწილეობასაც შესთავაზებენ არა მხოლოდ საზოგადოებრიობის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, არამედ, მათი თანხმობის შემთხვევაში, იმ ურბანისტებსაც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, თუმცა ვერ გაიმარჯვეს.
მისივე თქმით, გენგეგმაზე მუშაობის პროცესში ინტენსიურად გაიმართება კონსულტაციები დედაქალაქის არქიტექტურისა და მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან.
გვინდა, რომ ყველა სპეციალისტის გამოცდილება და პროფესიონალიზმი გამოვიყენოთ, რათა პროექტი, რომელსაც საბოლოოდ წარვადგენთ, იყოს თბილისისა და თბილისელების რეალურ საჭიროებებზე მორგებული“,- განუცხადა “კვირას“ მამუკა სალუქვაძემ.
“კონკურსი გამოცხადებული იყო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილმა პროექტმა ფაქტობრივად ჟიურის ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა. მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად უნდა მოხდეს ქალაქის ეფექტური ურბანული განვითარება, რისთვისაც, მათ შორის, აუცილებელია, რათა ყურადღება მიექცეს გარემოს დაცვითი ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რეკრეაციული ზონების მოწყობასა და საჯარო სივრცეების განვითარებას. საჭიროა ქალაქს და მოქალაქეებს დავუბრუნოთ მდინარე და მივცეთ მათ კომფორტული გართობისა და დასვენების საშუალებები. უნდა განვტვირთოთ ცენტრი და ყველა მსხვილ დასახლებაში საცხოვრებლად კომფორტული და უსაფრთხო გარემო შევქმნათ.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში დაასრულა, რის შედეგადაც შეიქმნა გადაუდებელი აუცილებლობა, მომხდარიყო ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება. საყურადღებოა, რომ გენგეგმის განახლების მონიტორინგის პროცესში ჩართულია მერიის მიერ დაქირავებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ – ორლეანის გენერალური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობდა და დღეისათვის PWC ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს.

კომენტარი