ისნის რაიონში 40 წლის წინანდელ ასფალტის საფარს გამოცვლიან

ისნის რაიონში 40 წლის წინანდელ ასფალტის საფარს გამოცვლიან

419
გაზიარება

თბილისში, ისნის რაიონში, სამგორის ქუჩაზე 40 წლის წინანდელი ასფალტის საფარის განახლება იგეგმება. ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით დაიწყო, გზის კაპიტალურ შეკეთებას ითვალისწინებს.

 3000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე ეწყობა ბორდიურები, ასფალტის ახალი საფარის დასაგებად კი საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. სამუშაოები თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება.

საგზაო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „ორბიტა“ აწარმოებს. სამუშაოების მიმდიარეობას ადგილზე გაეცნო თბილისის მერი დავით ნარმანია, ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ნეფარიძესა და რაიონის გამგებელ ვახტანგ ქიზიყურაშვილთან ერთად.

როგორც დედაქალაქის მერი ამბობს, ამ უბანში ორმოც წელზე მეტია გზა არ არსებობს. მოსახლეობა, ასევე, ითხოვს, შიდა ნაწილში დამატებით გაკეთდეს გზის ერთი მონაკვეთი. ნარმანია ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ მათ თხოვნას წლევანდელი სამუშაოების ნუსხაში გაითვალისწინებს. „გარდა ამისა, გამგეობა გააკეთებს ბავშვთა სათამაშო მოედანს და ეს უბანი გაცილებით საინტერესო, მიმზიდველი და კომფორტული გახდება აქ მცხოვრებლებისთვის“,-განაცხადა მერმა.

ადგილობრივების თქმით, ცუდი გზის გამო, რამდენიმე ათეული წელია პრობლემა ექმნებათ, როგორც სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებას. საგზაო სამშენებლო სამუშაოები სამგორის ქუჩაზე, იანვარში დაიწყო.

კომენტარი