შეყვარებული ლომები თბილისის ზოოპარკში – ვინ “გაასაჯაროვა” მათი რომანი?

შეყვარებული ლომები თბილისის ზოოპარკში – ვინ “გაასაჯაროვა” მათი რომანი?

759
გაზიარება

ერთმანეთისადმი გრძნობების გამოხატვას არც ცხოველები ერიდებიან და სიყვარულის დღეს განსაკუთრებული სითბოთი აღნიშნავენ. თბილისის ზოოპარკის ბინადრები-თეთრი ლომების წყვილი დღევანდელ დღეს ერთად მწვანე გარემოში, ჩახუტებულები ატარებენ.
რომანის „გასაჯაროვებაზე“ თბილისის ზოოპარკმა იზრუნა და მათი სიყვარულის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა. “წყვილის” გრძნობების განსაკუთრებულობაში ფოტოზე ნანახიც დაგარწმუნებთ.
„ბევრი ვიფიქრეთ, თუ რომელი ფოტო მოუხდებოდა დღევანდელ, სიყვარულის დღეს. ხან ის თხები გაგვახსენდა, ციკნები რომ შვეს ცოტა ხნის წინ, მაგრამ იქ რომელი რომლის დედაა, რომელი რომლის მამა და ვინ ვისი „ცოლი“, „ქმარი“ და „შეყვარებული“, რთული გასარკვევია. მერე კეთილშობილი ირმები, ყვიყვი და ლეილა წამოტივტივდნენ გონებაში, წყალდიდობის შემდეგ ქალიშვილი, პირრა რომ მოავლინეს ქვეყანას; თუმცა ბევრი ვდიეთ თუ ცოტა, ამ წყვილს დიდად რომანტიკული ფოტო ვერ გადავუღეთ. მამა ძირითადად თავისთვის დაგიჟაობს, დედა კი დროის უმეტეს ნაწილს შვილთან ერთად ატარებს. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა გველებმაც წარმოადგინეს მათი „ქვეწარმავლური სიყვარულის“ ნაყოფი და კვერცხები დადეს, მაგრამ მათ ფოტოებზე ზოგან დედის თავი არ ჩანს, ზოგან მამის, კუდსაც ვერ გაიგებ, მამას ეკუთვნის, თუ მეზობელ მამრს, რომელიც იგივე წარმატებით შეიძლება მამა აღმოჩნდეს. მოკლედ დიდი ჩახლართული ამბავია, როგორც პირდაპირი, ისე – გადატანითი მნიშვნელობით. ამიტომ გადავიფიქრეთ. და საბოლოოდ, უპირატესობა ჩვენი თეთრი ლომების, სემუელისა და კლეოპატრას წყვილს მივანიჭეთ. მათი ფოტო უპირობო ლიდერი აღმოჩნდა ზოოპარკის სასიყვარულო ფოტოალბომში. მართალია ეს სურათი შემოდგომაზეა გადაღებული, ჯერ კიდევ გამწვანებულ გარემოში, მაგრამ რა მოხდა მერე. სიყვარულს ხომ სეზონი არ აქვს“, – წერია თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარი