„ამდენი ხალხური სიმღერა რა არისო და უფროსმა, ფურცლები გადმომიყარა“ – ინტერვიუ ქეთევან...

„ამდენი ხალხური სიმღერა რა არისო და უფროსმა, ფურცლები გადმომიყარა“ – ინტერვიუ ქეთევან შინდაგორიძესთან

978
გაზიარება

ხალხური სიმღერების ანსამბლი „მირანგულა“ 1975  წელს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაარსდა და 40 წლიანი არსებობის მანძილზე, 1 020-მდე ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. „მირანგულას“ დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს ქეთევან შინდაგორიძე და ამაყობს მისი აღზრდილებით. მათ შორის არიან, მომღერლები დავით გველესიანი, ლადო ბურდული, სულხან გველესიანი, თამაზ საგინაძე და სხვები.

  რუბრიკის სტუმარია რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ღირსების მედლის მფლობელი,  კულტურის ამაგდარი,  ანსამბლ ,,მირანგულას” დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის კოლორიტი ქეთევან შინდაგორიძე. მას წელს 80 წელი შეუსრულდა.

–  ვინ შთაგაგონათ მუსიკის სიყვარული?

1498892_1091697220875039_4654355961224941955_o– სიმღერა ჩემი ბავშვობის ოცნებაა. მინდოდა გავმხდარიყავი სიმღერის მასწავლებელი. მამაჩემი ტარიელ შინდაგორიძე, ლეჩხუმელი ბიჭების გუნდში მღეროდა. ხშირად დავყავდი კონცერტებზე და მუსიკაც მან შემაყვარა. ის მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ 20 წლის შემდეგ გამოჩნდა. ამ ხნის განმავლობაში არაფერი ვიცოდით მის შესახებ. მინდიდა მის საპატივცემულოდ მასწავლებელი გამოვსულიყავი. ახალ სიმღერას თუ ვისწავლიდი, მეზობლის ბავშვებს შემოვიკრებდი და მათაც ვამღერებდი.

როგორ გაიკაფეთ ოჯახის დაუხმარებლად ცხოვრების გზა და მიიღეთ განათლება?

12377666_1091698104208284_324811738228366396_o– თბილისის ქალთა სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე ტექნიკურ სასწავლებელში. ეს ის პერიოდია, როდესაც სახლში არც დედა მყავდა და აღარც მამა. მამაჩემი გერმანელებს ჩავარდნოდა ტყვედ. მას შემდეგ, რაც მამა დაბრუნდა საბჭოთა ხელისუფლებამ,  ის მოღალატედ შერახცა და გადაასახლეს. იმ ხანებში დედაც დამიპატიმრეს, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩანთაში ზედმეტი პური უპოვეს. იმხანებში დედა ჯერ სამედიცინო ინსტიტუტში მუშაობდა ლაბორანტად, მაგრამ დაბალი ხელფასის გამო ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც მუშებს ჩუმად ურიგებდნენ პურს, მაგრამ იმ პირობით, რომ თუ მილიცია გამოიჭერდათ, არ გაამხელდნენ პური საიდან ჰქონდათ.  ჰქონდა რის გამოც გადავიდა ქარხანაში სამუშაოდ. ქარხანაში თანამშრომლებს პურს ურიგებდნენ თუმცა ამის შესახებ მაშინ, მოგეხსენებათ, პური ე.წ. ტალონებზე იყიდებოდა. და აი, მილიციამ დედაჩემი ფაქტზე დაიჭირა და დააკავეს. მე და ჩემი და მარტონი დავრჩით. ჩემით მივაკვლიე ტექნიკუმს და ჩავაბარე. ეს იყო სასწავლებელი, რომელიც რაიონების კულტურის სახლებისთვის ამზადებდა პედაგოგებს, რეჟისორებს, გუნდის ხელმძღვანელებს, ქორეოგრაფებსა და ა.შ. ანზორ ერქომაიშვილიც იქ სწავლობდა. ჩვენ ვიყავით პირველი გამოშვება. ეს იყო 1956 წელს. ტექნიკუმში ძალიან კარგი ბავშვები ვსწავლობდით.  შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ კარგ მოსწავლეებს სწავლა კონსერვატორიაში გაეგრძელებინათ და როგორც წარმატებული გამომარჩიეს, რადგან არცერთი ოთხიანი არ მყავდა. ასე ჩავაბარე კონსერვატორიაში. კონსერვატორია რომ დავამთავრე, უკვე ორი შვილი მყავდა.

– გვიამბეთ თქვენი მეუღლის შესახებ, სად გაიცანით ერთმანეთი?

Screenshot_2–  ჩემი მეუღლე პავლე ბერიშვილი იყო. ერთად ვსწავლობდით 1951-1952 წლებში. შემდეგ მანაც კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა. შემდეგ ხალხური შემოქმედების სახლში მუშაობდა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ახალი აღსაყდრებული იყო, როდესაც უამბეს ჩემი მეუღლის შესახებ და სიონში მგალობელთა ანსამბლი ჩამოაყალიბა. ხალხს ძალიან მოსწონდა გალობა და მრევლის რიცხვი დღითიდღე მატულობდა. მას შესანიშნავი საგალობლები აქვს შექმნილი. კრებულიც გამოიცა. პავლე მიეჩვია ეკლესიას და იქაურობა შეუყვარდა. პატრიარქმა ის მღვდლად აკურთხა, შემდეგ ეპისკოპოსად უნდა ეკურთხებინა, მაგრამ მე შევეწინააღმდეგე. მეგონა, რომ ჯერ სახლიდან უნდა წასულიყო, ბერად აღკვეცილიყო. აღარც ცოლი ეხსომებოდა, აღარც შვილები… პავლემ უარი უთხრა და ამის გამო პატრიარქი გაუნაწყენდა. რვა წლის წინ კი უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა. ახლა “მირანგულა” მასულდგმულებს. მყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი.

– როგორ შეიქმნა „მირანგულა“?

11057838_1091697297541698_2082411005786959805_o– საბჭოთა ეპოქაში ასე იყო, უმაღლეს სასწავლებელს რომ დაამთავრებდი, აუცილებლად რომელიმე რაიონში გაგზავნიდნენ სამუშაოდ. მე ონში გამანაწილეს, სადაც სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე. შემდეგ ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა დამირეკა საგანმანათლებლო სასწავლებლიდან და დირიჟორობის კურსი ჩამაბარა. მალევე მეთოდისტად მიმიწვიეს განათლების განყოფილებაში. მოგვიანებით კი, ბავშვთა პროფესიული აღზრდის სახლში დავიწყე მუშაობა, იქ მყავდა ვაჟების გუნდი. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ხალხურ სიმღერებს ვერ იტანდნენ. სადმე თუ იყო ჩართული გამორთავდნენე ხოლმე. იქ ვაკეთებდი ღონისძიებებს, ვიწვევდი მუსიკათმცოდნებს და ხალხური სიმღერის კონკურსებს ვატარებდი.

მაშინ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ბიჭი გარდატეხის ასაკში თუ იმღერებდა, ხმის იოგები უფუჭდებოდა და ამის გამო სიმღერას უკრძალავდნენ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ბალტიისპირეთის ქვეყნებში გვიშვებდნენ. სწორედ მაშინ წავიკითხე, რომ გარდატეხის ასაკში ბიჭმა აუცილებლად უნდა იმღეროს, თორემ ხმას დაკარგავს. მეც სწორედ ეს მინდოდა. შემდეგ სასწავლებელში უსიამოვნებაც შემემთხვა. უფროსმა მითხრა:- ამდენი ხალხური სიმღერები რა არისო და ფურცლები გადმომიყარა. ამ საუბარს კომპეტენტური მუსიკოსიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა: ამ ბიჭებს რომ ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, პატარა „გორდელა“ (ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი) მღერის, როგორ შეიძლება პატარებმა დიდებს მიბაძონო?! ამის შემდეგ განაწყენებულმა დავტოვე სასწავლებელი.

ჩემი მეუღლე ხალხური შემოქმედების სახლში მუშაობდა და მას თამაზ ფერაძემ შესთავაზა კარგი ბავშვთა გუნდი გამიკეთეო. მე ბავშვებთან არ შემიძლია მუშაობა და ჩემს მეუღლეს გამოგიგზავნიო. ასე ჩამოვაყალიბე ბიჭუნების გუნდი. იქიდანაც წამოვიყვანე ბავშვები, სადაც ხალხური სიმღერები დამიწუნეს. პიონერთა სასახლეში მოყავდათ ყველა უცხოელი და აჩვენებდნენ, რა დონეზე იყო ბავშვთა ესთეტიკური აღზრდა. 40 წელია ვმუშაობ. ოპერაშიც მყავდა ბავშვთა გუნდი, სადაც 20 წელი ვიმუშავე. ბავშვებს ვკითხე, ანსამბლისთვის რა დაგვერქმია და დავით გველესიანმა წამოიყვირა, – მირანგულაო. მას მოესმინა უფროსი ბიჭების გუნდის ნამღერი „მირანგულა“ და მოსწონებოდა. ბავშვებს ავუხესენი, რომ ეს იყო სვანი ბიჭუნა, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა და გმირი ბიჭის სახელს უკავშირდებოდა.

– სულ ახალხანს თქვენს ანსამბლს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, როგორ შეხვდით ამ ამბავს?

ეს იყო დიდი სიხარული. ეს გააკეთეს ჩემმა აღზრდილებმა, მათი დამსახურებაა ყველაფერი.

ესაუბრა თამარ შელია

კომენტარი