თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება

494
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება. გადაწყვეტილება დამკრძალავი კომიისიის რეკომენდაციით მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეიქმნა.
ბაჩანა ბრეგვაძე 2016 წლის 14 თებერვალს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.
ბაჩანა ბრეგვაძეს გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური სოციოლოგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, დედნების ენიდან არის შესრულებული. ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული ენებიდან. აქვს 70-მდე ნაშრომი: პლატონის, დანტეს, არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰერაკლიტე ეფესელის, მარკუს ტულიუს ციცერონის, ჯეიმზ დარმსტეტერის, ანატოლ ფრანსის, ლაროშფუკოს, ლუიჯი პირანდელოს, მიშელ მონტენის, ანრი ბერგსონის, ნიკოლოზ ლოსკის, ლაბრიუიერის, ალბერტ შტეკლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის, სვამი ვივეკანანდას, მორის რეინალის, შარლ დილის, ნიკოლოზ ბერდიაევის, ემილ ჟებარის, პიერ ტეიარ დე შარდენის, ვერნერ ჰაიზენბერგის თხზულებათა თარგმანები, იტალიური და ესპანური ზღაპრების თარგმანები, წერილები, ესსეები, ლიტერატურის და ესთეტიკის საკითხებზე. 1995 – 2005 წლებში ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს. სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, საბას (ორგზის), და დავით აღმაშენებლის პრემიები.
ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი 1936 წლის 11 თებერვალს, ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში დაიბადა.

კომენტარი