ქვეყანაში არსებული უძრავი ქონების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაში განთავსდება

ქვეყანაში არსებული უძრავი ქონების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაში განთავსდება

465
გაზიარება

ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავების მიზნით საჯარო რეესტრი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნას ახორციელებს. ბარათების შექმნის პროცესი დასრულდა ბათუმში და ქალაქში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორია ახლა უკვე ერთიან ელექტრონულ ბაზაში განთავსდება.
სააღრიცხვო ბარათი მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ თუ სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, ვინ იყო სხვადასხვა დროს მისი მფლობელი, არის თუ არა დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი) და ა.შ.
როგორც საჯარო რეესტრში აცხადებენ, ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების თავლსაზრისით ბათუმი ერთ-ერთი აქტიური ზონაა. ქალაქი გამოირჩევა მრავალერთეულიანი ობიექტების სიმრავლით, საინვესტიციო, ტურისტული და კომერციული აქტივობით, რაც განსაკუთრებულად ზრდის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციისა და ინფორმაციის მოთხოვნის საჭიროებას. მათივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში სულ 3 462 ერთეული ბაინდერი დამუშავდა. შეიქმნა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რითაც გამარტივდება ინფორმაციის მოპოვება და კონკრეტული უძრავი ქონების დარეგისტრირება.
რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს, საჯარო რეესტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებას, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოებას, მონაცემთა ბაზებში მაღალი ხარისხის ინფორმაციის უზრუნველყოფასა და მის დაცვას. ასევე, შეიქმნება ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, გამოავლენენ და ჩაასწორებენ სარეგისტრაციო მონაცემებში გაპარულ ხარვეზებს და სხვა.
პროექტზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 86 თანამშრომელი დაასაქმა. მიმდინარე პერიოდისთვის პროექტში 115 თანამშრომელია დასაქმებული. მნიშვნელოვანია ასევე, რომ არქივირების პროექტის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა, თავიანთ საქმიანობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ: ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო, პროკურატურა და სხვა.
საქართველოს მასშტაბით ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტი 43 რაიონში დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ჩოხატაურში, დუშეთსა და დედოფლისწყაროში. ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტი 2017 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

კომენტარი