ავტომობილების ტექნიკური შემოწმება უნდა აღდგეს – ექსპერტი

ავტომობილების ტექნიკური შემოწმება უნდა აღდგეს – ექსპერტი

616
გაზიარება

ევროკავშირის „ტრასეკას“ პროექტის რეგიონულ კონსულტანტ გელა კვაშილავას მიაჩია, რომ გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად აუცილებელია საქართველოში აღდგეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების პრაქტიკა, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ევროპული დირექტივაა და ადგენს მოთხოვნებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური პარამეტრების და ამ პარამეტრების ტესტირების მეთოდების მიმართ.

კერძოდ, ეს პარამეტრებია: ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია, სამუხრუჭო სისტემა, საჭით მართვის სისტემა, ხილვადობა, ელექტრომოწყობილობა, ძარა და მისი ელემენტები, კაბინა, საბურავები, თვლები, ღერძები, დაკიდება, გამონაბოლქვი, ხმაური, დამატებითი მოწყობილობები, კომპლექტაცია და სხვა.

როგორც „სითი კვირას“ გელა კვაშილავამ განუმარტა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების VI თავი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს და საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ამ სფეროში ქართული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია უნდა განახორციელოს.

imagexlargeმისივე თქმით, ევროკავშირის დირექტივის თანახმად, ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადა – 2 წელია, ხოლო დანარჩენი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის – 4 წელი.

კვაშილავას თქმით, გზებზე ელემენტარული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყანაში საგანგაშო ვითარება გვაქვს. ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ყოველწლიურად  100 000 მოსახლეზე საშუალოდ 5-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, 7 000-ზე მეტი ადამიანი იღებს ტრავმას, ახალგაზრდებში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევებია.

მისივე თქმით, ავტოტრანსპორტის 73%, 15 წელზე მეტი ასაკისაა და ტრანსპორტის რაოდენობა ყოველ წელს საშუალოდ 80 ათასით მატულობს. გარემოს დაბინძურების მხრივ კი, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის წილი, ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს.

„კვლევამ დაადგინა, რომ იმ ქალაქებში, სადაც ჰაერი დაბინძურებულია, სიკვდილიანობა 15-20%-ით მაღალია. სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო და, იმავდროულად, ეფექტიანი პერიოდული ტექდათვალიერების ამოქმედებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არსებული საავტომობილო პარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და, შესაბამისად, მავნე გამონაბოლქვის შემცირებაც,“ – მიაჩნია „ტრასეკას“ რეგიონულ კონსულტანტს.

კვაშილავა არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ავტომობილების პერიოდული ტესტირების შემოღების გამო, საქართველოს მძღოლების დიდ ნაწილს ტრანსპორტის გაჩერება მოუწევს და ამ სფეროში კორუფცია აღდგება.

„საქართველოში, სადაც კორუფცია საპატრულო პოლიციასა და იუსტიციის სამინისტროში აღმოიფხვრა და არსებობს ღია ტენდერების სისტემა, კორუფციის აღმოფხვრა ამ სფეროშიც ადვილია. ზოგადად, კორუფციის საფრთხე ყველა სამსახურში არსებობს, თუმცა ტექდათვალიერების სფეროში გამჭვირვალე და მარტივი რეგულაციებითა და ტექნოლოგიების მეშვეობით, მისი მინიმუმამდე შემცირებაც შესაძლებელია,”- მიაჩნია ექსპერტს.

მისივე თქმით, თუ საქართველოში ტექშემოწმების აღდგენის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და ტექშემოწმების გადასახადიც დაბალი იქნება, გზებზე ჩვენი უსაფრთხოებაც მეტად დაცული იქნება და ჰაერიც გაუმჯობესდება. აქვე დასძენს, რომ ბელორუსიასა და ყაზახეთში ტექდათვალიერების შემოღების შედეგად ტაქსის მომსახურების სერვისი გაუმჯობესდა და ფასებიც იგივე დონეზე დარჩა.

კომენტარი