პუშკინის ქუჩაზე კვლავ აღდგება ორმხრივი მოძრაობა

პუშკინის ქუჩაზე კვლავ აღდგება ორმხრივი მოძრაობა

467
გაზიარება

თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ალექსანდრე პუშკინის სახელობის ქუჩაზე ტრანსპორტის სავალი გზის ნაწილის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ქუჩაზე კვლავ აღდგება ორმხრივი მოძრაობა.

როგორც “სითი კვირას” მერიაში განუმარტეს, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობის აღდგენა საცობებისგან განტვირთავს დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს – თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, მაჩაბლის, კოტე აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, ლესია უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს. ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

მათივე ინფორმაციით, უკვე მომზადდა პლატფორმა და მიმდინარეობს ბურჯებისთვის ხიმინჯების მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას.

„ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება და ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება.”- აცხადებენ მერიაში.

რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით კი, ძეგლი სპეციალური მასალით შეიფუთა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია გაიწმინდება და ძეგლი, კვლავ, პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. პუშკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP” აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება.

თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო ტრანსპორტის ცალმხრივად მოძრაობა ყოფილი მერის გიგი უგულავას დროს დაწესდა.

კომენტარი