კვირიკაშვილი : არაერთი ნაკლოვანება გამოიკვეთა იმ პროცედურებში, რომლითაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ

კვირიკაშვილი : არაერთი ნაკლოვანება გამოიკვეთა იმ პროცედურებში, რომლითაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ

546
გაზიარება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, არაერთი ნაკლოვანება გამოიკვეთა, ამიტომ პირადად ეცნობა პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ დეტალებს. „ჩავედი ამ პროცესების დეტალებში. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, მაქვს დიალოგი პროექტებში ჩართულ მსხვილ კომპანიებთან და გამოიკვეთა არაერთი ნაკლოვანება იმ პროცედურებში, რომლითაც ამ პროექტებს ვახორციელებთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ 35-40%-ით შევძლებთ დავაჩქაროთ ეს პროექტები,”- განაცხადა კვირიკაშვილმა რადიო „თავისუფლებასთან “ ინტერვიუში. პრემიერის თქმით, უპირველესი, რასაც მთავრობა აკეთებს, ეს არის ქვეყნის მთავარი ინფრასტრუქტურის შექმნის გეგმის მომზადება და არსებული პროექტების დაჩქარება. საუბარია კონკრეტულ პროცედურებზე, რომელთა „დაჩქარება შესაძლებელია თუ ერთდროულად წამოვიწყებთ მსხვილ პროექტებს და გავაუმჯობესებთ ზედამხედველობის მექანიზმებს იმ კომპანიებზე, რომლებიც ჩართულნი არიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში,“- აცხადებს პრემიერი. მისივე თქმით, მთავარი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შესრულება უნდა უზრუნველყოს, 2020 წლამდე უნდა შეიქმნას და ამას აუცილებლად მოახერხებენ იმ გეგმით, რომელზეც ამჟამად მუშაობენ. ამასთანავე, 2020 წელს დასრულდება ავტობანის მშენებლობა, სარფიდან დაწყებული სადახლოს და წითელი ხიდის ჩათვლით. ასევე, კახეთის გავლით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზა.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ამ პერიოდისთვის დასამთავრებელ პროექტებში უნდა შეიტანონ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა, ეს არის მცხეთა-ლარსის მონაკვეთი, ქუთაისი-მესტიის გზა, ასევე, ქუთაისი-აბასთუმანი, რომელიც ქუთაისს მოკლე გზით დააკავშირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან და გომსა და რაჭას შორის შემაერთებელი გზა. ასევე, ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი ავტობანი და მთიან რეგიონებთან დამაკავშირებელი რამდენიმე გზა.
„ სოციალური მიმართულებით ხარჯებს არანაირი ზიანი არ მიადგება, მაგრამ ნებისმიერი დამატებითი დოლარი, თუ ევრო, რომელიც დაიხარჯება უკვე ინფრასტრუქტურის მიმართულებით, განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ კაპიტალურ დანახარჯებზე და იმაზე, რომ შევქმნათ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი უნდა განავითაროს და უზრუნველყოს კავშირი ძირითად ტურისტულ მიმართულებებს შორის,“ – აცხადებს პრემიერი და დასძენს, რომ მასშტაბური პროექტები მოითხოვს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საფინანსო ინსტიტუტების მაქსიმალურ ჩართულობას, ძალიან დიდ ძალისხმევას და კონსოლიდირებას.

კომენტარი