თბილისის მეტროპოლიტენს 23-ე სადგური შეემატება – პროექტი 83,000,670.45 ლარის ღირებულებისაა

თბილისის მეტროპოლიტენს 23-ე სადგური შეემატება – პროექტი 83,000,670.45 ლარის ღირებულებისაა

824
გაზიარება

დედაქალაქში სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში 23-ე მეტროსადგურს აშენებს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.

პროექტის მიზანია თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. იმედოვნებენ, რომ ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შონ ოსალივანმა დაათვალიერა. სამშენებლო ობიექტზე, ასევე, იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი.

როგორც „სითი კვირას“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, აშენდება და მოეწყობა მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები.

დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის ამუშავდება მეორე გვირაბიც. დამონტაჟდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები. მეტროსადგურის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

კომენტარი