თბილისის მოკროავტობუსებში მგზავრები უფასო WiFi-ით ისარგებლებენ

თბილისის მოკროავტობუსებში მგზავრები უფასო WiFi-ით ისარგებლებენ

1351
გაზიარება

თბილისის მიკროავტობუსებში მარტიდან WiFi-ის მოწყობილობები დამონტაჟდება და მგზავრები უკაბელო ინტერნეტით ისარგებლებენ. ამასთან დაკავშირებით „თბილისის მიკროავტობუსსა“ და WiFisher-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას უფლება აქვს უკვე მარტის შუა რიცხვებიდან სატესტო რეჟიმში დაიწყოს მუშაობა. უფასო ინტერნეტთან წვდომამდე მომხმარებელს ხუთწამიანი რეკლამის ნახვა მოუწევს.
როგორც „სითი კვირას“ კომპანია WiFisher-ის დამფუძნებელმა ნოდარ ივანიძემ განუცხადა, პირველად უფასო WiFi-ით სარგებლობისთვის აპარატურა მიკროავტობუსების ორ ნომერში, სამარშრუტო ხაზ #2-სა და #128-ში დამონტაჟდება. ამ ხაზზე 10-14 სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს. მომდევნო ეტაპზე კი სხვა ნომრებშიც განთავსდება და დაფარვის ზონა იქნება უნივერსიტეტი, სადაც უმეტესად ახალგაზრდები მოძრაობენ, რადგან უფრო ინტერნეტის ძირითადი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან. სამარშრუტო ტაქსებში გაიკვრება ინტერნეტის აღმნიშვნელი შესაბამისი სტიკერებიც. ნოდარ ივანიძის ინფორმაციით, თბილისში სულ 1 750 მიკროავტობუსი მოძრაობს, მაგრამ ინტერნეტის მოწყობილობა ყველა მათგანში არ დამონტაჟდება.
„ბევრი ისეთი სამარშრუტო ხაზი არსებობს, სადაც ინტერნეტს საერთოდ არ იყენებენ. დავაკვირდებით, რამდენად იქნება გამოყენებული ინტერნეტი ამა თუ იმ მიკროავტობუსში და ამის მიხედვით დავამონტაჟებთ აპარატურას, ან ერთიდან მეორეში გადავიტანთ,“- აცხადებს ივანიძე.
მისივე თქმით, აპრილიდან გეგმავენ კუს ტბის არეალის დაფარვას. შემდეგ კი უფასო WiFi-ით სარგებლობისთვის მოწყობილობა, თბილისის ოთხივე კინოთეატრის ჰოლში დამონტაჟდება. მოგვიანებით ბათუმის კაფეებსა და რესტორნებსაც აითვისებენ.
კომპანია WiFisher-ი საქართველოში 5 თვის წინ დაარსდა. მისი უკაბელო ინტერნეტის სისტემა 60 ლოკაციაზე ვრცელდება თბილისის კაფეებსა და რესტორნებში, გუდაურსა და ბაკურიანში. კომპანია მსგავსი სამუშაოების განხოციელებას ერევანშიც იწყებს. მოლაპარაკებებს მართავენ ესტონეთთან.

კომენტარი