მდინარე სუფსაზე ამორტიზირებული სარკინიგზო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მდინარე სუფსაზე ამორტიზირებული სარკინიგზო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

730
გაზიარება

მდინარე სუფსაზე 85 წლის წინანდელი, ამორტიზებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც ხვალიდან გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით შექმნილი შეფერხებების გამო სს „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ბოდიშს უხდის. კერძოდ, სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მიმდინარე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები 25 თებერვლის 06:00 სთ-დან 26 თებერვლის 05:59 სთ-მდე გაგრძელდება და მსვლელობიდან მოიხსნება ჩქარი ელექტრომატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისი №852/851 და №858/857, აგრეთვე, საგარეუბნო მატარებელი ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი №683/684.
25 თებერვალს თბილისის, ქუთაისი I-სა და ოზურგეთის მიმართულებაზე მსვლელობიდან მოიხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის №12/11 და №18 დღის სამგზავრო მატარებლები. ხოლო, 24 თებერვალს თბილისიდან და 25 თებერვალს ოზურგეთიდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლები №654/653. აღნიშნულ მიმართულებებზე სამგზავრო ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია. მატარებელთა მიმოსვლა სრულად 26 თებერვალს აღდგება.
როგორც „სითი კვირას“ „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს, მიმდინარეობს თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია, მათ შორის საუღელტეხილო უბანზე ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მოიცავს, როგორც ახალი გვირაბებისა და ხიდების, მშენებლობას, ასევე არსებული ხიდების რეაბილიტაციას. ფილიალ ინფრასტრუქტურის დირექტორის მოადგილე მონიტორინგის მიმართულებით კახა გუდიაშვილის ინფორმაციით, მდინარე სუფსაზე არსებული ხიდი 1931 წელსაა აშენებული და უკვე 85 წლის განმავლობაში ექსპლუატაციაშია. შესაბამისად, დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ადგილობრივი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მისი კოროზიისა და სხვა მაჩვენებლები დასაშვებ ზღვართანაა მიახლოებული. მისივე თქმით, ხიდის რეაბილიტაცია მოიცავს ორი ფერმის შეცვლას, თითეული ფერმის სიგრძე არის 45 მეტრი, ხოლო წონა – 146 ტონა. „თვითონ შეცვლის მეთოდოლოგია და პროცესი არის უნიკალური, ე.წ. გადასრიალების მეთოდი, ანუ ძველი ფერმის ახლით ნაჩაცვლება. ამისთვის ხიდის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, მოწყობილია ე.წ დროებითი პირსები, სადაც ცალ მხარეს განლაგდება ახალი, ხოლო მეორე მხარეს ე.წ. გადასრიალების მეთოდით გაკეთდება ძველი შეცვლილი ფერმები. ისინი დამზადებულია საქართველოში, რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია,“- აცხადებს კახა გუდიაშვილი.
ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 თებერვალს, 24 საათის განმავლობაში შეწყდება მატარებლის მოძრაობა სამტრედია-ბათუმის სარკინიგზო მონაკვეთზე, მაგრამ სანაცვლოდ, მგზავრები მიიღებენ ახალი ლითონის ფერმას, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც თანამედროვე მოთხოვნებს, ასევე მატარებლების მოძრაობის სიჩქარეები 40 მკ-საათიდან 100 კმ-საათამდე გაიზრდება.
კახა გუდიაშვილის თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებაც და სიჩქარეც.

კომენტარი