„ბავშვის გონებაში ასახული ყველა პოზიტიური მოვლენა  მომავალში მისი  ცხოვრებისეული სიძნელეების დასაძლევი  ჯადოსნური ...

 „ბავშვის გონებაში ასახული ყველა პოზიტიური მოვლენა  მომავალში მისი  ცხოვრებისეული სიძნელეების დასაძლევი  ჯადოსნური  იარაღია“

2295
გაზიარება

                                                     ჩვეულებრივი ბაღის პედაგოგის არაჩვეულებრივი ისტორი

 თბილისში გაზრდილი ნებიერა გოგოს სოფლის ცხოვრება.  25 წლის განმავლობაში  სახლიდან სამსახურამდე  გაჭიმული  გზა. ბაღიდან სახლამდე  ფიქრში აკეცილი რამდენიმე კილომეტრიანი  ტალახიანი  ნატერფალები.  ოჯახისა და პროფესიის სიყვარულით დაძლეული  ყოველდღიური რუტინა და პატარების ჟრიამულში ჩაკარგული პრობლემები. მანავის სკოლამდელთა ძველი და ახალი  ცხოვრება   –  სოფელ მანავის საბავშვო ბაღის  ყოფილი  გამგე და  უკვე გამოცდილი მენეჯერი  –  მაია მირზაშვილი  გვიამბობს.

– ბავშვობა.   სტუდენტობა. ოჯახი. ფასეულობები…
 
 – თუმცა  თბილისში დავიბადე და გავიზარდე,  მანავი   ჩემი მშობლიური კუთხეა,  დედ–მამისეული სოფელი. ჩემი  დები  ძალიან პატარები იყვნენ,  მამა რომ გარდაგვეცვალა,  ძმაზე ერთი წლით ვიყავი უფროსი.  დედის მშობლებმა,  და–ძმებმა, რომლებიც  თბილისში ცხოვრობდნენ და საზოგადოებაში თავისი ღირსეული ადგილი ეკავათ,  მთლიანად იტვირთეს 12745720_1677978355783973_839075321688744115_nჩვენი  მეურვეობა. თითქოს გადაინაწილეოსო მოვალეობები.  მახსოვს, ჯერ კიდევ სტუდენტი  დეიდაჩემი, როგორ მკაცრად მოითხოვდა სკოლაში  სიბეჯითესთან ერთად მუსიკაც  აუცილებლად მესწავლა. ასე დავამთავრე “აუცილებელი”  შვიდწლედი, რომელიც მომავალში ჩემი პროფესიული მოღვაწეობის დროს ძალიან გამომადგა.  ასევე   “აუცილებელი” პირობა იყო რუსული ენის სწავლა.  რუსულთან ერთად  ცეკვასა და სიმღერაზეც   დავდიოდი  მაშინდელ პიონერთა სასახლეში.  მასთან და მის საქმროსთან ერთად სპექტაკლებსაც ხშირად   ვესწრებოდი.  ბევრი კარგი მსახიობი – ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი და სხვა, ცოცხლად ვნახე  სცენაზე,  დაუვიწყარია ჩემთვის ეს მოგონება. ოპერაშიც  პირველად მათთან ერთად გახლდით.
განსაკუთრებული სითბოთი მახსენდება პაპაჩემი, ძალიან განათლებული ადამიანი, რომელსაც  საუცხოო კალიგრაფია ჰქონდა. მეცადინეობისას, წერის დროს  მე და ჩემს ძმას გამუდმებით  გვახსენებდა, რომ სუფთად  უნდა გვეწერა და ასოები ლამაზად გამოგვეყვანა.  ესთეტიურობასთან ერთად, სწორედ მისი დამსახურება იყო  ჩემი (ასევე ჩემი  ძმის)  გამორჩეული  წერის მანერა, რომელიც სკოლიდან მოყოლებული მუდამ თვალშისაცემი გახლდათ. ამის გამო სტუდენტობისას,  ვეფხისტყაოსნის გადამწერთა მოხალისე ჯგუფისთვისაც შემარჩიეს.  მისი  საყვარელი  წიგნი იყო   „ქართველთა  დაცემა და ამაღლება“. მუდამ თავთან ედო  და  დროდადრო კითხულობდა.  ჩვენც ხშირად გვიყვებოდა ცოტნე დადიანზე,  საინტერესო ისტორიულ მოვლენებზე.  საუბრის დროს ხშირად გვისწორებდა სიტყვებს. მუდმივად ცდილობდა ჩვენთვის  მეტყველების კულტურა ესწავლებინა.
12733544_1677978352450640_1884711684819625414_nთბილისის ერთ–ერთ უბანში,  სადაც გავიზარდე, ირგვლივ სულ დედაჩემის დედის  ნათესავები ცხოვრობდნენ. უკვე დიდი ვიყავი და კიდევ მჯეროდა, რომ ქვეყანა სულ ჩემი  ახლობლებით იყო დასახლებული. მეტად ხალისიანი,  განსხვავებული ბავშვობა მქონდა. ნამდვილი ზეიმი იყო მათი შეკრებები.  ეს იყო საუკეთესო გარემო პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის.  ამით იმის თქმა მინდა, რომ  სოციუმის დაძლევა არასდროს  გამჭირვებია. მეტად აქტური ბავშვი ვიყავი სკოლაში.  მაშინაც კი როდესაც  დამამთავრებელ კლასებში სასწავლებლად სხვა სკოლაში გადამიყვანეს  (დროებით ბიძის ოჯახში გადავედი, მისივე გადაწყვეტილებით). ჩემს ძველ სკოლაში წარჩინებულ მოწაფეთა დაფაზე დიდხანს ეკიდა ჩემი დიდბაფთიანი ფოტო. იყო სხვა აქტივობებიც, კონკურსები… შემდეგ  იყო სულხან –საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტი, დაუვიწყარი წლები, საინტერესო პროექტებთან ერთად  საინტერესო ადამიანები, საჯარო ბიბლიოთეკაში გატარებული საათები…
მოულოდნელად ჩემი სოფელში გათხოვება  დიდხნიანი  სტრესი აღმოჩნდა  სულ სხვა იმედებისა და მოლოდინში მყოფი  დედაჩემის, ჩემი გამზრდელი  ერთადერთი დეიდისა და ბიძებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ  კარგი ოჯახი შემხვდა,  პირველ ხანებში  ძალიან მიჭირდა.  მენატრებოდა  გარემო, რომელსაც დაუფიქრებლად მოვწყდი, მაგრამ ქმარი მიყვარდა და  ბედს დავმორჩილდი. ორ შვილს ვზრდიდი.  საყვარელი  პროფესიით ვმუშაობდი.  ნელ-ნელა ყველა შევეგუე  ამ ფაქტს. მათთან მუდმივ კონტაქტში მყოფს  მაძლიერებდა  ახლობელი ადამიანების  გარემოცვა,  ოჯახზე  ზრუნვასა   თუ  სიყვარულში ფიქრის დრო აღარ მრჩებოდა. საყვარელმა საქმემ დამავიწყა ჩემი „თბილისური ცხოვრებაც“.
ასე დავუბრუნდი  ფესვებს… იქ, სადაც    მამაჩემის  სული დამტრიალებდა მუდამ.  მის სიახლოვეს განსაკუთრებით   სოფლის ბიბლიოთეკაში ყოფნის დროს  ვგრძნობდი,  სადაც, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, თითქმის ყველა წიგნი  მისი თითებით  სათუთად იყო  გადაფურცლული.  წიგნიერ კაცს უყვარდა კითხვაც და წერაც.
მას მერე 30 წელია აქ ვცხოვრობ.

– ქალბატონო მაია,  როგორც  ვიცი  47 წლის ხართ   და  პატარებთან მუშაობის   უკვე 25  წლიანი გამოცდილება გაქვთ.   ძალიან ახალგაზრდამ, ოცი წლის ასაკში, შეძელით  გემართათ მეტად საპასუხისმგებლო დაწესებულება – საბავშვო ბაღი, რომელსაც დღემდე  წარმატებით უძღვებით…

–  ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას რაც შეეხება,  მე ის  მაშინ არ მქონდა. მხოლოდ თეორიას ვფლობდი. საუცხოო პედაგოგოები მასწავლიდნენ  სულხან –საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში.   ყოველთვის ბევრს ვკითხულობდი სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის 12509222_1677978359117306_5171058569943676495_nმეთოდებზე, თუმცა, დასაწყისში ბევრი სხვა რამ იყო საჭირო –  ეს იყო მმართველობის ნიჭი.  ქ–ნი თამარ გოცირიძე მაშინდელი საგარეჯოს პირველი საბავშვო  ბაღის გამგე გახლდათ.  იგი მუდმივად მიზიარებდა თავის პრაქტიკულ გამოცდილებას საბავშვო ბაღის მართვაში.  რა საკითხზეც არ უნდა დამერეკა  მისთვის,  მუდამ სწორ მიმართულებას მაძლევდა.  ასევე ძალიან დამეხმარა დიდი გამოცდილების მქონე პედაგოგი, ნათელა ნინიკელაშვილი, რომელიც  ჩემი მოსვლის დროს  ბაღში აღმზრდელის ფუნქციას ასრულებდა.  ვფიქრობ, იგი ერთ – ერთი საუკეთესო  სპეციალისტი გახლდათ ამ სფეროში, მან  დიდი სტიმული მომცა მუშაობის. ის ძალიან უყვარდათ ბავშვებს.  შემდეგ იგი სხვა ბაღის დირექტორად დანიშნეს.
ადრე თუ პირველ მასწავლებლად აღიქმებოდა დაწყებითი კლასის პედაგოგები, ახლა ერთხმად აღიარებენ, რომ დაწყებითი განათლების საფუძველთა საფუძველი არის სკოლამდელი აღზრდა. გასახარია, რომ დღეს უკვე პრიორიტეტი სწორედ სკოლამდელთა აღზრდას ენიჭება.
ამბობენ,  არც ისე ადვილია გაიგო, სინამდვილეში რას ფიქრობს ბავშვი და რა აწუხებს. როცა მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვს არაფერს აკლებენ და ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ამ დროს მისი უხასიათობის, შიშების, უცნაური ქცევების  მიზეზებს ფსიქოლოგები არკვევენო.
ბავშვთა ფსიქოლოოგიის შესახებ დღემდე  ინტერნეტის საშუალებით ვცდილობ მოვიპოვო ახალ–ახალი ინფორმაცია და  ბაღის თანამშრომლებს  გავუზიარო.  ცხადია, ისინი თავის მხრივ მუდმივად გადიან ტრენინგებს. ასევე ინტერნეტის საშუალებით  აქტიურად ვარ ჩართული  სხვადასხვა საგანმანათლებლო ჯგუფებში.  ვესწრები  ტრენინგებს საგარეჯოს  სკოლამდელთა გაერთიანების ხელმძღვანელობასთან ერთად, რომლებიც   ხშირად გვანებივრებენ ახალი საპილოტე პროგრამებითა და  მეთოდური წიგნებით. მუდმივად ვცდილობ  ჩვენს  ბაღში  გადმოვიტანო და  დავნერგო  ყველა  სიახლე,  განსაკუთრებით სასკოლე ასაკის ბავშვებში, რათა მომზადებულები შეხვდნენ  სასკოლო პროცესს.  ერთჯგუფიანობის დროს  არის პრობლემებიც,  მაგალითად: ასაკობრივი სხვაობა.  ხშირად ბავშვების სიმცირის გამო სხვადასხვა ასაკის ბავშვს  ერთად  უწევს ყოფნა. ვცდილობთ, ამან ხელი არ შეუშალოს მათ მომზადებას.

– 25 წელია,  ყოველდღე  რამდენიმე  კილომეტრს გადიხართ  თქვენი სახლიდან  სამსახურამდე  და უკან.   განსაკუთრებით  ცუდ ამინდში არ გიჭირთ ასე შორს  ფეხით სიარული?

– პირველ ხანებში ძალიან მიჭირდა.  ახლა  ხშირად ხდება;  წამომეწევა  მანქანა,  მძღოლი  კარს გამიღებს  და  მეუბნება   – დაბრძანდით მაია მასწავლებელო!
ერთხელ   ძალიან ცუდი ამინდები გადაება.  წვიმა  და ტალახი ერთმანეთში იყო აზელილი. გამვლელი მანქანებიც  არ მინდობდნენ, ქოლგაც ვეღარ მიფარავდა. სულმთლად სველი  და ტალახში ამოგანგლული  მივაბიჯებდი.  დავინახე ჩემი  ყოფილი აღსაზრდელი,  არც კი მომესალმა  ისე მოწყდა ადგილს  –  დამელოდეთო,  მომაძახა.  ეზოდან  მანქანა გამოიყვანა და ბაღამდე მიმიყვანა.  ცოტა ხანში  აღარაფერი მახსოვდა,  ვიჯექი  თბილად პლედშემოხვეული  პატარებთან ერთად, ძალიან ამაყი და ბედნიერი. არც ის მადარდებდა,  ის გზა უკან  რომ მქონდა გამოსავლელი. არადა  თანამშრომლები მთელი დღე შეშის ღუმელთან მიშრობდნენ  ტანსაცმელს.
1656082_1677978349117307_3402354151401358805_nჩემს  მანაველ  ბებიას  (მამის დედას)  მთელი სოფელი იცნობდა.  ნახევარი საუკუნე  მხარზე გადაკიდებული  მძიმე ჩანთით გაატარა.  სოფლის ფოსტალიონი იყო. ბოლომდე ემსახურა თავის საქმეს, ვიდრე   სოფლის ფოსტამ იარსება. მუდამ  მამხნევებდა.  მეუბნებოდა: აბა,  მაშ მე რა მექნა.   ცუდი ამბის მიტანამდე  ვინ მოთვლის რამდენჯერ   ჩამოვმჯდარვარ და  ცრემლმორეულს საკუთარი არჩევანი  რამდენჯერ  დამიწყევლიაო.
შემოდგომით, ბაღისკენ მიმავალ გზაზე მოფენილ  კაკლის ხეებს რომ  დავინახავ, სულ მგონია საიდანღაც გამოჩნდება შავლეჩაქწაკრული მოხუცი ფოსტალიონი. ჩემს დანახვაზე მოულოდნელი სიხარულით ნაოჭებგახსნილი „გენაცვალოს ბაბომო“  მეტყვის და გაშლილი ხელებით ხმელ გულმკერდში ჩამიხუტებს. მერე მხარზე გადაკიდებულ ათასი ამბებით გატენილ ჩანთას გახსნის და შრომისაგან დაკოჟრილი ხელებით გზადაგზა მოგროვილ კაკლებს მუჭაში ჩამიჩხრიალებს.
ბებიაჩემის კაკლის სატეხი ქვაა, დღესაც ცხოვრებისეულ ცხრაკლიტულებს რომ მამტვრევინებს…

– საკუთარი გამოცდილება თუ გაგიზიარებიათ ვინმესთვის?

– უნდა  აღინიშნოს,  ნებისმიერ სფეროში  საკუთარი  დიდხნიანი პრაქტიკა  „მეცნიერად“  გაქცევს.  ხდება, რომ  ძველს და ახალს შორის შედარებას ახდენ, პარარელს ავლებ. ჩემი გამოცდილება ხშირად გამიზიარებია  ჩემს გარშემო მყოფი „დამწყები“ დედებისთვისაც.  მადლობაც მიმიღია,  მათი მოსაზრებებიც  საინტერესო ყოფილა.  მაქვს უწყვეტი კონტაქტები თბილისის ბაღის მენეჯერებთან.  (აქაც ინტერნეტი მეხმარება). ზოგი მათგანი ჩემი ძველი მეგობარია. რაიონის სხვა სოფლების ბაღების მენეჯერებთან.  ამასწინ, ფეისბუქზე თვალს ვადევდებდი,  ბავშთა  მეცადინეობაზე,  წარმოსახვით თამაშებზე იყო საუბარი,  სადაც აღნიშნავდნენ, რომ  მიუხედავად ბევრი თანამედროვე სიახლისა,  სამეცნიერო კვლევები საფუძველს უმყარებენ ცოდნას, რომელსაც ადრეული სწავლის პედაგოგები  ისედაც ფლობდნენ.   მართლაც,  როდესაც  ამერიკელი ფსიქოლოგების  მოსაზრებებს  ვკითხულობ ბავშთა აღზრდის  სხვადასხვა საკითხების შესახებ,  ხშირ შემთხვევებში,  სწორედ ჩემს პრაქტიკული  ცოდნა –  გამოცდილებიდან გამომდინარე  ვეთანხმები მათ მოსაზრებებს.

– ბრძოლა გადარჩენისთვის…

– იმ მძიმე წლებში, როცა არ იყო ფინანსები, მოგეხსენებათ,  უსახსრობის გამო   ბევრი დაწესებულება გაერთიანდა   და  შენობები  გაიყიდა.
საბავშვო ბაღის შენობაში ფუნქციონირებდა დაწყებითი კლასების კლასკომპლექტები, რამაც ხელი შეუწყო ბაღის გადარჩენას. მართალია, ბაღის აღსაზრდელთა  რაოდენობა  მცირე  იყო,  მაგრამ  სწორედ ამ კლასკომპლექტებთან ერთად,  გაერთიანებული ძალებითა და ერთობლივი მუშაობით  ვინარჩუნებდით შენობას.  კლასკომპლექტებთან   ურთიერთობა  სახალისო იყო, რადგან ძირითად ჯგუფს ისევ ჩვენი ბაღიდან გადასული ბავშვები წარმოადგენდნენ. კეთდებოდა სხვადსხვა სახის  ღონისძიებები.  იმ პერიოდში დირექტორისა და აღმზრდელის   ფუნქციის გარდა, მუსიკის მასწავლებლის და კიდევ ბევრი სხვა ფუნქციის შეთავსება მიხდებოდა.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი საშუალებით და  სახალხოდ,   ბაღის  თანამშრომლებს გადავუხადო მადლობა, იმ დიდი თანადგომისთვის, რაც მათ  წლების განმავლობაში გასწიეს.  ჩვენთან არ არსებობდა საქმე, რომელიც  დამლაგებელს ეკუთვნოდა  და აღმზრდელი არ გააკეთებდა.  ასევე მადლიერი ვარ აღსაზრდელთა  მშობლების, რომლებიც, შემოწირულობის სახით  შეშით და საკვებითაც კი გვეხმარებოდნენ.    ეს იყო ძალიან  რთული წლები, თუმცა მეტად აქტიური პერიოდი ბაღის ცხოვრებაში.
განსაკუთრებული მადლობა  ჩვენი ბაღის საიმედო გუშაგს – გურამი პაპას.  შეშის  ჩეხვა იყო, ფანჯრის ჩასმა,  ჭერის შეკეთება, თუ თოვლის გადახვეტა,  ბაღის კეთილი  ხელმარჯვე ოსტატი  მუდამ პატარების სამსახურში იყო.   გროშად ქცეულ დარაჯის ხელფასს არად აგდებდა და  დამატებით მუდამ უანგაროდ გვემსახურებოდა.
იყო დრო, ორი ბავშვისთვის გვიმუშავია და ბაღი არ დაგვიკეტავს.  ხშირად ყოფილა საკუთარი შვილის დაპატარავებული ტანსაცმლით ჩუმად  დავხმარებივართ  მშობელს,  ბავშვი სასწავლო პროცესს რომ არ ჩამოშორებოდა. განსაკუთრებით სასკოლე ასაკის ბავშვებს ვუფრთხილდებოდით.  მადლობელი ვარ თითოეული იმ ადამიანის,   რომელმაც   ხშირად დიდი ხნით  „გაყინული ხელფასების“ მოლოდინშიც  არ დაიშურა თავისი ცოდნის, სიყვარულის რაღაც ნაწილი, საიმისოდ,  რომ საბავშვო ბაღს  თავისი ფუნქცია შეესრულებინა და აქამდე მოვსულიყავით.

–  სასიამოვნო სიახლეების მოლოდინში ხართ…

– ახლა  სასიამოვნო სიახლეები არ გვაკლია. იყო დრო, სკამი არ გვქონდა ბაღში, რომ ბავშვები დაგვესვა.
იმ წლებში, ბაღის ნორმალური ფუნქციონირებისათვის  ბევრჯერ ახლობლებში მომიკრეფია  ინვენტარიც და სათამაშოებიც  და პატარები გამიხარებია. ამასთან დაკავშირებით ერთი  სახალისო ამბავი მინდა გავიხსენო.  ჩემს მეგობარს, რომელსაც ახლა უკვე დიდი   ბიჭი ჰყავს  და  მუდამ  საუკეთესო სათამაშოებით ანებივრებდნენ,  მასთან სტუმრად მისულმა ვუამბე: ბაღში სათამაშოები მიჭირს – მეთქი.  ცოტა ხანში   ერთი ყუთი   სულ ახალი „მობეზრებული“ სათამაშო მაჩუქა.  გახარებულმა  სავსე ყუთი  სასწაფოდ მივიტანე ჯგუფში  და პატარებს ვუთხარი, რომ საჩუქრად  მათთან გამომატანეს. გადმოჰყარეს და  გაცისკროვნებული თვალებით დაიწყეს ამორჩევა. ერთი პატარა გოგონა  გამოეყო ბავშვებს მოვიდა და მეუბნება: –არ უთხარით,  რომ გოგოებიც გელოდებოდნენ, სულ ბიჭის სათამაშოები რატომ გამოგზავნესო?!
ახლა უკვე სათამაშოებითაც ხშირად  ანებივრებენ ჩვენს პატარებს.  ეს ამბავიც ლამაზ ისტორიად შემოგვრჩა.
ყველაზე დიდი სიხარული იყო  როდესაც ჩვენმა გამგებელმა, გიორგი გზირიშვილმა საგარეჯოს სკოლამდელთა გაერთიანების დირექტორთან, ელზა გილაშვილთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით, რაიონის ყველა საბავშვო ბაღს  ახალი ინვენტარი  გადმოგვცა.  ბავშვი მშობელი თუ  აღმზრდელი  ერთნაირი ემოციით  იზიარებდა ამ დიდ სიხარულს. მანავის  იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლისიის წინამძღვრის – მამა ანტონის და ასევე სოფლის მაცხოვრებელთა  თხოვნით,  შპს „მანაველის“ დამფუძნებელმა  ბატონმა თემურ ჩიხლაძემ   ბავშვებს ეზოს  ატრაქციონი შეუძინა. ბოლო ხანებში ძალიან განებივრებულნი ვართ, ერთ –ერთმა  არასამთავრობო ორგანიზაციამ, ბავშთა გონებრივი განვითარებისთვის  განკუთვნილი ასაწყობი  სათამაშოები რაიონის  სხვა ბაღებთან ერთად  ჩვენც გადმოგვცა.

– ახლა რამდენი ბავშვია?

– სოფელში  შობობადობამ იმატა,  შესაბამისად ნელ–ნელა იზრდება ბავშვების რაოდენობაც.  დიდი ყურადღება ექცევა მშობლების მხრიდან ბავშვთა კვებას.  ადრე  ბავშვებს  კვება თუ  დღეში ორჯერ მიეწოდებოდათ, ახლა იგი სამჯერადია და უფრო მრაფალფეროვანი,  რამაც  გაზარდა ბავშვების რაოდენობა ბაღში.  მოგეხსენებათ  სოფელში   ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია  და  როდესაც მშობელი ამ მხრივ დამატებით დაცულია, იგი  საკუთარ შვილს უკვე სიამოვნებით გვანდობს.
ბაღის  შენობა 1985 წელს არის აშენებული.  იგი 1987 წელს გაიხსნა, მას შემდეგ   კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია.   წლების განმავლობაში წყალმა დააზიანა კედლები.  დიდი ქარების დროს  ნელ – ნელა სახურავი ჩამოიშალა.  ჯერ კიდევ  მძიმე წლებში  ვცდილობდით, შეგვეჩერებინა ნგრევის პროცესი.  მაგრამ, არცერთ წინა მთავრობას   არ აღმოაჩნდა რესურსი  ჩატარებულიყო  რემონტი. დრომ თავისი ქნა და ერთი თვის წინ გამგეობამ  შენობის კაპიტალურად შეკეთება– გარემონტება გადაწყვიტა. ახლა ბაღს  ცოტა „რთული“  პერიოდი უდგას, რადგან დროებით სხვა ბაღს ვართ შეკედლებული.  რაც, თავის მხრივ წარმოშობს მცირე პრობლემებს. მოითხოვს დამატებით ხარჯებს.
იმისათვის, რომ არ შეჩერდეს საბავშვო  ბაღის მუშაობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი და სკოლამდელთა  გაერთიანება, უკან არაფერზე იხევს. გამოიყო ტრანსპორტი, რომელიც  ბავშვებისა და თანამშრომლების მომსახურებას უზრუნველყოფს.

– ზოგადად, როგორია სოფლის კულტურული ცხოვრება? 

– ბევრის გაკეთება იგეგმება.  ჯერჯერობით  სოფლის ბაღებს დაეთმო დიდი   ყურადღება.   როგორც ზემოთ გითხარით,  ჩვენამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, კეთილმოეწყო  სოფლის კიდევ ერთი ბაღი.  სარემონტო სამუშაოების დროს  მათი ბავშვები პედაგოგებთან და  მომსახურე პერსონალთან ერთად ჩვენს ბაღში გვყავდა შემოკედლებული. ახლა ჩვენ დროებით სწორედ მათთან ვართ შეფარებულნი.  მალე მანავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი საბავშვო ბაღი ექნება.
იყო დრო,  სოფელს ჰქონდა უზარმაზარი   შენობა – სოფლის კულტურის სახლი,  რომელშიც ბიბლიოთეკასთან ერთად   განთავსებული იყო სპორტდარბაზი,  სადაც  სხვადასხვა წრეები იყო ჩამოყალიბებული.  იქ გაიზარდნენ ჩემი შვილებიც. ხშირად  ვმართავდით   კულტურულ საღამოებს. ეწყობოდა კინოჩვენებები.  ეს შენობა სწორედ იმ  „ცნობილ“ წლებში გაიყიდა. ახლა მის  ფუნქციებს შეძლებისდაგვარად  სკოლა ითავსებს. რომელიც   ასევე თანამედროვე  სკოლების მსგავსად აღჭურვილია კომპიუტერებით. შესაბამისად,  მოსწავლეებს   ინტერნეტით სარგებლობის საშუალებაც აქვთ.  ნელ – ნელა ფეხზე ვდგებით.  იმედია, შევძლებთ ბიბლიოთეკის აღდგენასაც,  რადგან რამდენიმეათასი წიგნი  კარგად  მოვლილი და შენახულია.  იყო დრო, სოფელს სამი ბიბლიოთეკა ჰქონდა. მათ შორის ერთ – ერთი ყველაზე ძველი, რომელშიც  განთავსებული იყო იშვიათი წიგნები და  რომლითაც სტუდენტები  სარგებლობდნენ და  არ უხდებოდათ თბილისში ჩასვლა.

– უახლოესი გეგმები – ოცნება, მიზანი

– მაქვს ჩემი საინტერესო პროექტები.  ბევრ რამეზე წინასწარ საუბარი არ მსურს. თუმცა,  საბავშვო პოეტებს მინდა მივაწვდინო ხმა.  ასევე გამომცემლობებს.  იქნებ შეძლონ, ჩამოხედონ  პატარებს და  საკუთარ  მარგალიტებთან ერთად სითბო და სიყვარული,  „ცოცხალი წიგნები“ ჩამოუტანონ.  როდესაც სარემონტო სამუშაოები დასრულდება,   ახალგაზრდა  ილუსტრატორებმა გამოთქვეს სურვილი, თბილისიდან გვესტუმრონ  და პატარების საყვარელი  ზღაპრის პერსონაჟებით  კედელი მოგვიხატონ. ვთვლი, რომ  ბავშვის გონებაში ასახული ყველა პოზიტიური მოვლენა მომავალში მისი  ცხოვრებისეული სიძნელის დასაძლევი  ჯადოსნური  იარაღია.
ბაღის შენობაში  გვაქვს  საკმარისი ტერიტორია, რომელშიც შევქმნით ისეთ კულტურულ გარემოს, რომელიც ნებისმიერ ღონისძიებას  უმასპინძლებს.

–  თუ გიფიქრიათ სიყვარული რომ არა, როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება?

– სამწუხაროდ,  მეუღლე  ადრე გარდამეცვალა. შვილები  საკუთარი ოჯახებით თბილისში ცხოვრობენ.  ყველა იქ მყავს –  დები, დედა..
დეიდაჩემი  ახლაც  ხშირად მსაყვედურობს:  შვილებმა გაჯობეს, რას ვიფიქრებდი მანდ თუ ჩარჩებოდიო!
არავინ იცის,  სიყვარული რომ არა, სხვა შემთხვევაში როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება.
საღამოს,  მეუღლის სურათთან  მარტო დარჩენილს,  ახლა კი  მრჩება ბევრი ფიქრის დრო, თუმცა მეორე დღისთვის  გამოყოლილი მცირე უგუნებობა  ბაღის კართანვე  ქრება და პატარების ჟრიამულში იკარგება.

კომენტარი