ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მალე დასრულდება

ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მალე დასრულდება

609
გაზიარება

თბილისში, საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი, გამზირს ზაქარიაძის ქუჩასთან აკავშირებს და საკმაოდ დატვირთული ქუჩაა, რადგან ცენტრალურ გამზირზე საგზაო მოძრაობის განტვირთვას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამ მისამართზე მოძრაობა გადაკეტილია.
უკვე მოიხსნა ძველი, დაზიანებული საფარი და მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო კვანძების მოწესრიგება და მათი საგზაო ნიშნულამდე მიყვანა. ამ ადგილზე ასფალტის საფარის მოწყობა 2 492 მ2 ფართობზე იგეგმება.
ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხსა და ანტონოვსკაიას ქუჩებზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა.
მისი ინფორმაციით, კაპიტალურად შეკეთდება ანტონოვსკაიას ქუჩის გზის საფარი, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს აკავშირებს. პირველადი სამუშაოები აქაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასფალტის საფარი აქ 1 851 მ2 ფართობზე დაიგება, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ტროტუარები. “ამ მისამართებზე გზა სავალალო მდგომარეობაში იყო, ძველი საფარის მოხსნის შედეგად კი აღმოჩნდა 20-მდე დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭები, რომელთა შეკეთებაც მიმდინარეობს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით გრძელდება და ვიმედოვნებთ, რამდენიმე კვირაში დასრულდება გზის მოასფალტება,“ – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
საბურთალოს რაიონში 6 ობიექტზე საგზაო სამუშაოებს კომპანია „ჯეოსერვისი“ აწარმოებს.

კომენტარი