მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა აღადგინეს

მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა აღადგინეს

935
გაზიარება

აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის  აღდგენა-რეაბილიტაცია დასრულდა.  აღდგა განაპირა ბურჯები და ხიდის ძირითადი კონსტრუქცია, მოეწყო ახალი სავალი ნაწილი, გაკეთდა ჰიდროიზოლაცია და ბეტონის დამცავი ფენა. საექსპლოატაციო ვადის გახანგრძლივებისთვის მოეწყო ასფალტის ახალი საფარი. დამონტაჟდა განათების ახალი ქსელი ხიდისა და პანდუსებისთვის; შეიცვალა ხიდის ძველი მოაჯირები და აშენდა ფრანგული კედელი.
ესტაკადა  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა. მას თან ახლდნენ  მოადგილეები ლაშა აბაშიძე და გიორგი ლილუაშვილი, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა,  25 წელზე მეტი ხნის წინათ გაჩერებული ხიდის აღდგენით დედაქალაქის მთავრობამ  წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და  ორი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა: განიმუხტება მოძრაობა დიდი დიღმის შესახვევთან და განიტვირთება ქალაქის ეს ნაწილი და უბანი, რომელიც სულ უფრო მეტად იზრდება, ფართოვდება და შესაბამისად ავტოსატრანსპორტო ნაკადების რაოდენობა მატულობს.
„ასევე პროექტი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირი იყო ავტოავარიები და  მიღწევადობის თვალსაზრისითაც გაცილებით კომფორტული იქნება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც „სითი კვირას“ მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს „ზიმომ“ შეასრულა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2.188.965 მლნ ლარი დაიხარჯა.
აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა და მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება.  მას შემდეგ ხიდს რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

კომენტარი