თბილისის N 3 საჯარო სკოლას ახალი შენობა ექნება

თბილისის N 3 საჯარო სკოლას ახალი შენობა ექნება

548
გაზიარება

თბილისის ჩუღურეთის რაიონის N3 საჯარო სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება, რომელიც 300-ის ნაცვლად 500-მდე მოსწავლეს მიიღებს და 60-მდე მასწავლებელი იმუშავებს. ტექნიკური პერსონალის ჩათვლით სკოლაში სულ 80-90 ადამიანი დასაქმდება. განახლებული სკოლა კვლავ აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზურაბ ძამუნაშვილის სახელობის იქნება.
დედაქალაქის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, ცხრა ძმის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და ყოფილი N3 საჯარო სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, ჩატარდა შენობის ექსპერტიზა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგინდა, რომ შენობის დაზიანების ხარისხის გამო შეუძლებელია მისი აღდგენა. ამდენად, მის ნაცვლად აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელსაც ექნება ბიბლიოთეკა, სტადიონი და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
როგორც რიმა ბერაძე განმარტავს, სკოლა 2007 წელს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გარემონტდა, თუმცა 2010 წელს სკოლების ოპტიმიზაციის არასწორი პოლიტიკის შედეგად, N3 საჯარო სკოლა დაიხურა და N2 საჯარო სკოლასთან გააერთიანეს. შედეგად 300-მდე მოსწავლე სასწავლო დაწესებულების, ხოლო 45 მასწავლებელი სამსახურის გარეშე დარჩა.
დეპუტატის თქმით, გაიძარცვა საკლასო ოთახები და ფუნქციის გარეშე დარჩენილი შენობა დაზიანდა. მოსწავლეები და მასწავლებლები კი იძულებულნი გახდნენ სხვა სკოლებში გადანაწილებულიყვნენ, რომლებიც მათი საცხოვრებელი სახლებიდან საკმაოდ შორსაა.
მას შემდეგ რაც, სკოლის აღდგენის მოთხოვნით ჩუღურეთის რაიონის 600-მდე მცხოვრებმა რაიონის დეპუტატ რიმა ბერაძეს ერთობლივი განცხადებით მიმართა, მან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყო კოორდინირებული მუშაობა, რის შედეგადაც N3 საჯარო სკოლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.
ახალი სკოლა ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა. ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, N3 საჯარო სკოლა ერთადერთი საგანმანათლებლო – აღმზრდელობითი დაწესებულება არ არის, რომლის საკითხიც დედაქალაქის ახალმა ხელისუფლებამ მოაგვარა. ჩუღურეთის რაიონში ასევე აღადგინეს ორი დახურული საბავშვო ბაღი, სამომავლოდ კი ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. დეპუტატის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძე და განათლების სამინისტროს წარმომადგენელი თემურ მაჩაიძეც ესწრებოდნენ.

კომენტარი