გოგა ჩანადირი: ზებრა ხაზზე დამთმობი მძღოლების უმრავლესობა ქალია

გოგა ჩანადირი: ზებრა ხაზზე დამთმობი მძღოლების უმრავლესობა ქალია

1202
გაზიარება

საგზაო მოძრაობის წესების, კერძოდ კი, ზებრა ხაზის დაცვის მოწოდებით, ჟურნალისტმა და ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა, ინტერნეტსივრცეში დაიწყო აქცია – “ჩვენ ვიცავთ მოძრაობის წესებს”. გამოიკვეთა, რომ ზებრა ხაზზე დამთმობი მძღოლების უმრავლესობა სუსტი სქესის წარმომადგენლები არიან. ფოტორეპორტიორი აღაფრთოვანა ქუთაისელების საგზაო მოძრაობის კულტურამ.
„საქართველოს ქალაქებში არსად მინახავს ასე ბევრი მძღოლი, რომელიც ქვეითს გზას უთმობს, როგორც ეს ქუთაისშია. ვიდექი და სიამოვნებას ვღებულობდი. რამდენჯერმე გადავიარ-გადმოვიარე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი. თვალშისაცემი ის იყო, რომ დამთმობი მძღოლების უმრავლესობა ქალი იყო,“ – წერს გოგა ჩანადირი თავის ფეისბუქის გვერდზე.
იგი არანაკლებ აღფრთოვანებულია ქუთაისელი ქვეითების ქცევითაც, რომელთა უმეტესობა გადასასვლელად სწორედ ზებრა ხაზს იყენებდა. „ქუთაისი საგზაო მოძრაობის კულტურის მხრივ აშკარად წინ წავიდა,“- წერს ჩანადირი.
აქციით, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წამოიწყო, ცნობილი ფოტორეპორტიორი ავტომობილების მძღოლებსა და ქვეითებს მოუწოდებს, ქალაქში მოძრაობის წესები ერთნაირი პასუხისმგებლობით დაიცვან. აქციას – “ჩვენ ვიცავთ მოძრაობის წესებს” მსახიობი კახა მიქიაშვილიც შეუერთდა.
გოგა ჩანადირი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ასევე მოუწოდებს, გადაიღონ საგზაო ნიშნის „გზა დაუთმე ქვეითს“ დარღვევის, ან პირიქით, დაცვის ამსახველი ფოტოები და მის ფეისბუქგვერდზე განათავსონ.
პარალელურად კი, ჟურნალისტი მოქალაქეებს შეახსენებს საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობას. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე, ე.წ. “ზებრაზე” მოქალაქეს გზას არ დაუთმობს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 20 ლარით ჯარიმდება! აქვე სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც გვაცნობს. კერძოდ: გერმანიაში 80 ევროა ჯარიმა, ვინც ე.წ ,,ზებრაზე“ ფეხით მოსიარულეს არ დაუთმობს გზას. გარდა ამისა, დასავლეთის ბევრ ქალაქში ნახავთ ფერად ზებრა ხაზებს ბავშვების ყურადღების მისაპყრობად. „შემოქმედებითი გადასასვლელები მოძრაობის წესების დაცვას მართლაც აუმჯობესებს,“- მიაჩნია ჩანადირს.

კომენტარი