თბილისში სადისტრიბუციო ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება   

  თბილისში სადისტრიბუციო ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება   

911
გაზიარება

  თბილისის მერია სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის საპილოტე, საცდელ რეგულირებას იწყებს, რაც  გულისხმობს 2016 წლის 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით თბილისის 17 ქუჩაზე 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დისტრიბუციის განხორციელების მიზნით, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის შეზღუდვას.

ესენია: აბაშიძის, ფალიაშვილის, ბარნოვის, დოლიძის, ცინცაძის, ნუცუბიძის, შარტავას, კოსტავას, პეკინის, გამსახურდიას, მარჯანიშვილის, ჯავახეთის, ხიზანიშვილის, ლესელიძის, ლეონიძისა და  ასათიანის ქუჩები,  აღმაშენებლის გამზირი. ასევე გლდანში,  მეტრო ახმეტელის ორივე მხარე.

თბილისის მერიამ  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი დღეს გააფორმა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დამსაქმებელთა ასოციაციისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა  მოაწერეს.

„ქალაქის ამ ვიწრო ქუჩებზე პიკის საათებში დამატებით სადისტრიბუციო მანქანების შესვლა და გაჩერება სირთულეებს ქმნის. ეს საკითხი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ადექვატურად უპასუხეთ ამ საკითხს, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გადაადგილების თვალსაზრისით არსებული დისკომფორტი შევამციროთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 როგორც “სითი კვირას” მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კომპანია მზადაა ხელი შეუწყოს თბილისის მერიის სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის კომპლექსური სქემის ამოქმედებას და არ განახორციელოს სადისტრიბუციო გადაზიდვები მემორანდუმით შეთანხმებული გრაფიკით.

სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის უკეთ ორგანიზების დასაგეგმად თბილისის მერიამ რამდენიმე სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართა დისტრიბუციის განმახორციელებელ კომპანიებთან. სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავდა სატრანსპორტო საცობების განტვირთვისთვის სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის გრაფიკის და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავებას. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა  საქართველოს ბიზნესის ასოციაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.  ჩართვის შესაძლებლობა მიეცა ასევე 240-ზე მეტ კომპანიას.

კომენტარი