ყოფილი გზების სამინისტროს შენობა – მოულოდნელი აღმოჩენა დასავლეთისთვის

ყოფილი გზების სამინისტროს შენობა – მოულოდნელი აღმოჩენა დასავლეთისთვის

5073
გაზიარება

თბილისში, საბურთალოდ რაიონში მდებარე საქართველოს ბანკის დღევანდელი სათავო ოფისის შენობა, 1975 წელს არქიტექტორების ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტით აშენდა და მასში პროექტირება – არქიტექტურის სამსახური ფუნქციონირებდა. მოგვიანებით კი შენობაში საავტომობილო გზების სამინისტრო განთავსდა.
ნაგებობა, რომელიც გამოირჩევა პოსტკონსტრუქტივისტული მოდერნისტული სტილით, არაერთი საერთაშორისო გამოცემის ფურცლებზე მოხვდა, როგორც საბჭოთა არქიტექტურის გამორჩეული ნაგებობა. შენობას ნიუ-იორკ ტაიმსმა „დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა…” უწოდა.
შენობა სტილისტურად დაკავშირებულია საბჭოთა კონსტრუქტივიზმისა და იაპონური მეტაბოლიზმის არქიტექტურულ ტენდენციებთან.
მისი ოთხივე ფასადი იოლად აღსაქმელია, რომელიც, ერთის მხრივ, ხისტი კონსტრუქციულობითა და გეომეტრიულობით გამოირჩევა, მაგრამ, იმავდრულად კომფორტულად არის განთავსებული ლანდშაფტში, რასაც წლების განმავლობაში კიდევ უფრო ამძაფრებდა მისი მწვანე, მცენარეებით დაფარული ფასადები.

1981 წელს ნიუ იორკის ხელოვნების მუზეუმმა გამოსცა ნაშრომი Transformations in Modern Architecture, სადაც  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შედევრების გვერდით საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობაც მოხვდა.
შენობა, როგორც არქიტექტურული შედევრი, შევიდა ცნობილი საგამომცემლო სახლის, Taschen-ის ახალ გამოცემაში Frédéric Chaubin, Cosmic Communist Constructions Photographed. ყოფილი გზების სამინისტროს შენობა შეტანილია ბევრ წიგნში, სამეცნიერო ნაშრომში, კატალოგსა თუ პოპუალრულ გამოცემაში. უახლესი სტატია  2011 წლის 7 თებერვალს „გარდიანში“ გამოქვეყნდა.
ნაგებობას 2007 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარი