ეკა ლალიაშვილი: ნაგვისა და სადისტრიბუციო მანქანები ხელს გვიშლიან პიკის საათებში

ეკა ლალიაშვილი: ნაგვისა და სადისტრიბუციო მანქანები ხელს გვიშლიან პიკის საათებში

955
გაზიარება

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, დადებითად აფასებს თბილისის მერიის ინიციატივას სატრანსპორტო მოძრაობის განმუხტვის მიზნით სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის გარკვეული გრაფიკის დაწესებას, თუმცა, მიაჩნია, რომ ამით პრობლემა საბოლოოდ არ აღმოიფხვრება.
როგორც „სითი კვირას“ ეკა ლალიაშვილმა განუცხადა, ეს მხოლოდ ერთი მცირე აქტივობაა, რომელიც ხელს შეუწყობს გზებზე მდგომარეობის განმუხტვას, თუმცა პრობლემა უფრო მასშტაბურ მიდგომას საჭიროებს. კერძოდ, უფრო კარგად უნდა დაიგეგმოს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გამოიყოს ავტობუსის ხაზები და სხვა.
„მუდმივად იყო საუბარი ნაგვისა და სადისტრიბუციო მანქანებზე, ხელს გვიშლიან პიკის საათებშიო და ეს იყო მოქალაქეებისთვის გამაღიზიანებლი ფაქტორი. ამ მხრივ კარგია, რომ მერიამ რეაგირება მოახდინა. ველოდებით შემდგომ კიდევ უფრო მასშტაბურ და სწრაფ ნაბიჯებს. ეს მანქანები უნდა მოძრაობდეს ქალაქში, ბიზნესსაც უნდა ხელშეწყობა. ამ გრაფიკის საპილოტე პროექტი დაგვანახებს, როგორ იმუშავებს,“- აცხადებს ლალიაშვილი.
რაც შეეხება თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდას, რასაც ხშირად ითხოვს დედაქალაქის, ამა თუ იმ უბნის მოსახლეობა, ეკა ლალიაშვილის აზრით, მუნიციპალური ტრანსპორტი უალტერნატივოა და მერია ამ სფეროს თუ მოაწესრიგებს, ადამიანებს ქალაქში ავტომობილებით გადაადგილების სურვილი აღარ ექნებათ. „საღამოს საათებში თბილისში გადაადგლება უკვე შეუძლებელია. ამის მიუხედავად ბევრი ადამიანი ითხოვს, ამ ათუ იმ უბანში ავტობუსის დანიშვნას. აქ საუბარი მარტო ავტობუსების რაოდენობის გაზრდაზე კი არ არის, არამედ არის უბნები, სადაც საერთოდ არ მიდის ტრანსპორტი. მერია ავტობუსებს თუ დაამატებს და მოაწესრიგებს ამ სფეროს, მაშინ ადამიანს მანქანით გადაადგილების სურვილი არ ექნება. ამაზე გრძელვადიანი გეგმა აქვთ, მაგრამ ეს გეგმა უნდა დაჩქარდეს. მუდმივად მატულობს საცობები და ყოველი მომდევნო წელს მდგომარეობა გაუარესებისკენ მიდის,“ – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

კომენტარი