თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში ახალი ქიმიის ლაბორატორია გაიხსნა

თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში ახალი ქიმიის ლაბორატორია გაიხსნა

551
გაზიარება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ქიმიის ლაბორატორია ამოქმედდა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, პარტნიორი უნივერსიტეტების (თსუ, სტუ, ილიაუნი) ბაზებზე, გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა 1688 კვადრატული მეტრის ფართი – მათ შორის 7 სალექციო ოთახი და 2 ლაბორატორია.
ახალი ლაბორატორია დაათვალიერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა კენ უოლშმა. როგორც „სითი კვირას“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ეს ლაბორატორია არის ნიმუში, თუ რა ტიპის ლაბორატორიებს სთავაზობს სტუდენტებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში. თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიებში პრაქტიკული მუშაობის შედეგად, სტუდენტებს ეძლევათ საქართველოში ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობა. მათივე ინფორმაციით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარი