პუშკინის ქუჩაზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს

პუშკინის ქუჩაზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს

664
გაზიარება

თბილისში ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები. ობიექტზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მომზადდა პლატფორმა და მიმდინარეობს ბურჯებისთვის ხიმინჯების მოწყობა.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ძეგლი შეფუთულია სპეციალური მასალით. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია გაიწმინდება და ძეგლი, კვლავ, პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას.
“აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება. პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა საცობებისგან განტვირთავს დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს – თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, კერძოდ მაჩაბელის, კოტე აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, ლესია უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს,”- განმარტავენ მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP” აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარი