სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის თბილისში რეგულაციები ამოქმედდება

სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის თბილისში რეგულაციები ამოქმედდება

505
გაზიარება

თბილისის მერია იწყებს სადისტრიბუციო ავტომობილების ქალაქში მოძრაობის საპილოტე, საცდელ რეგულირებას. კერძოდ, 15 მარტიდან პირველი სექტემბრის ჩათვლით თბილისის 17 ქუჩაზე, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე შეიზღუდება დისტრიბუციის განხორციელების მიზნით სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა. ეს ქუჩებია: აბაშიძე, ფალიაშვილი, ბარნოვი, დოლიძე, ცინცაძე, ნუცუბიძე, შარტავა, კოსტავა, პეკინი, გამსახურდია, მარჯანიშვილი, აღმაშენებლის გამზირი, ჯავახეთი, ხიზანიშვილი, მეტროსადგურ ახმეტელის ორივე მხარე, ლესელიძე, ლეონიძე და ასათიანის ქუჩა. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ ძირითად პრინციპზე, მოქალაქეების გადაადგილებისთვის არსებული დისკომფორტი შეამცირონ. „ორივე მხარე იმ ძირითად პრინციპებზე შევთანხმდებით, როგორიც არის ქალაქის ტერიტორიაზე სადისტრიბუციო ავტომანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული წესრიგის დადგენა. ჩვენ ავიღეთ ვიწრო ქუჩები, რადგან აღნიშნულ ქუჩებზე პიკის საათებში დამატებით სადისტრიბუციო მანქანების შესვლა და გაჩერება დამატებით სირთულეებს ქმნის. ეს საკითხი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, რომ ადეკვატურად უპასუხეთ ამ საკითხს, “ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კომპანია მზადაა ხელი შეუწყოს თბილისის მერიის სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის კომპლექსური სქემის ამოქმედებას და არ განახორციელოს სადისტრიბუციო გადაზიდვები მემორანდუმით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის უკეთ ორგანიზების დასაგეგმად, თბილისის მერიამ რამდენიმე სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართა დისტრიბუციის განმახორციელებელ კომპანიებთან. სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავდა სატრანსპორტო საცობების განტვირთვისთვის სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის გრაფიკის და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავებას. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ბიზნესის ასოციაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. ჩართვის შესაძლებლობა მიეცა ასევე 240-ზე მეტ კომპანიას.

კომენტარი