თბილისის სამი ძირითადი ურბანული პრობლემა – „გრანდ პარიზის“ ერთ-ერთი ავტორი თბილისის...

თბილისის სამი ძირითადი ურბანული პრობლემა – „გრანდ პარიზის“ ერთ-ერთი ავტორი თბილისის შესახებ

28902
გაზიარება

საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესს. ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ თავის უცხოელ პარტნიორებთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს პროექტზე და ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ეკიდება.  დოკუმენტში ასახულია პირველი ეტაპის გადაუდებელი ცვლილებები, რაც თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს შეეხება. მასში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია სარეკრეაციო ზონებში საცხოვრებელი ფუნქციით მშენებლობებზე ნებართვის გაცემის აკრძალვაზე და სხვა.

„სითი კვირა“ ესაუბრა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის თანახელმძღვანელს, „გრანდ პარიზის“ ერთ-ერთ ავტორს, ფრანგ ლანდშაფტის არქიტექტორს ალფრედ პეტერს.
საინტერესოა, როგორია უცხოელის თვალით დანახული თბილისის პრობლემები.

– რა არის თქვენი უმთავრესი რეკომენდაცია თბილისისათვის?

– პირველი და უმთავრესი რჩევა არის ის, რომ მოუარეთ და დაიცავით  ყველაზე დიდი განძი და ძეგლი თბილისისთვის – მისი განუმეორებელი ლანდშაფტი. თვით ქალაქის იდენტობაც ძირითადში, სწორედ  თბილისისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტით არის   განპირობებული.

 – რა პრობლემებს ხედავთ ჩვენს დედაქალაქში?

– თბილისში იმავე პრობლემებს ვხედავ, რასაც  მსოფლიოს სხვა ქალაქებში. მოსახლეობას  ყველაზე მეტად გადაადგილების პრობლემა აწუხებს, ეს მწვავე პრობლემაა. ადამიანი იძულებულია ყოველ დღე იყოს ქალაქში არსებული ქაოსის მონაწილე და უამრავ დაბრკოლებას ებრძოლოს. დღესდღეისობით, თბილისში არსებული  საჯარო სივრცეების 95% ავტომობილების სადგომებისთვის არის დათმობილი.  თანამედროვე ხედვა ქალაქის განვითარებისა არის პროპორციის დაცვა 50/50 -ზე პრინციპით და არანაირად 95/5-ზე. შესაბამისად, ეს გზა არის ძალიან გრძელი და შრომატევადი რომ არსებული 95%-დან ჩამოვიდეთ 50%-ზე. ისმის კითხვა: როგორ შეიძლება ამის განხორციელება? ეს შეიძლება ერთის მხრივ გადაიჭრას იმით, რომ თვითონ ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, კერძო ავტომობილების რაოდენობა, მათი მოძრაობის ინტენსიობა, დაბალანსდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, რაც მათ შორის, გულისხმობს  საზოგადოებრივი ტრანსპორტის  (ავტობუსი, ტრამვაი, მეტრო და სხვ) პრიორიტეტულობას.

– უფრო კონკრეტულად, რაში მდგომარეობს თქვენი რჩევა ამ პრობლემის მოგვარებაშ?

– თბილისში შესაძლებელია უახლოეს წლებში დაგეგმარდეს და მოეწყოს ტრამვაის ორი ან სამი ხაზი,  რომელიც ივლის საჯარო სივრცეებში განთავსებული ქუჩებზე.  ეს გამოიწვევს იმას,  რომ საავტომობილო მოძრაობა ამ ტერიტორიებზე ან მკვეთრად დაიკლებს ან საერთოდ შეწყდება, როდესაც  ავტომობილებისთვის განკუთვნილი სავალი გზის ჩანაცვლება მოხდება თანამედროვე და კომფორტული ტრამვაის ხაზებით. ეს განტვირთავს ქალაქის ნაწილს, მის საჯარო სივრცეებს საცობებისგან. ჩვენ ამას 20 წელია ვაკეთებთ  სტრასბურგში, სადაც დღეისათვის  ტრამვაის კარგად განვითარებული ქსელია.

–  ტრამვაის გარდა, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს თბილისში?

– მეორე პრობლემა, რაც ჩემთვის გახდა შესამჩნევი,  ეს არის თბილისის ისტორიული ნაწილის ავარიული მდგომარეობა, სადაც თითქმის ყველაფერი დანგრევის პირასაა.  ჩემის აზრით, პრიორიტეტული  მათი რესტავრაციაა და  ყველა  ფინანსური წყარო, სახელმწიფოს მხრიდან იქნება, თუ კერძო ინვესტორების,  თბილისის ძველი  უბნების რეკონსტრუქციაში უნდა ჩაიდოს. ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია, რათა ქალაქის იდენტობა იყოს დაცული და შენარჩუნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში  გვაქვს იმის საშიშროება, რომ თბილისი მალე ერთ-ერთ ჩინურ ქალაქს დაემსგავსება.

თქვით, რომ  ქალაქში არის სამი ძირითადი პრობლემაა და უკვე დაასახელეთ ტრანსპორტი და ისტორიული ნაწილის სავალალო მდგომარეობა. რას გვეტყვით მესამე პრობლემაზე?

– მესამე ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობაა.  თავის დროზე, ქალაქი ამ ადგილას იმიტომ გაშენდა, რომ  არსებობს მდინარე, რომელსაც დღეისთვის  მოსახლეობა პრაქტიკულად ვეღარ იყენებს.  ქალაქის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, არ არსებობს მდინარის  ნაპირთან მისასვლელები. მტკვრის გასწვრივ, მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო მაგისტრალებია, რომლებიც მოქალაქეებს არ აძლევს მდინარესთან მიახლოების საშუალებას. მესმის, რომ თბილისელებისთვის ეს მეტად უჩვეულო გადაწყვეტაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მტკვრის გასწვრივ, სატრანსპორტო მაგისტრალის გარკვეული მონაკვეთების გაუქმება და ამ ადგილზე საჯარო, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, მოსახლეობის გართობისა და დასვენების მიზნით. ამგვარი მაგალითები ევროპის ქალაქებში მრავლადაა და თავად მეც მიმუშავია ამ მიმართულებით სხვადასხვა ქალაქში.

– დაუყოვნებლივ მოსაგვარებელ პრობლემებს შორის, რომელია უპირველესი? 

– ამ სამივე პრობლემაში არსებობს პრიორიტეტული საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ძალიან სწრაფადაა მოსასინჯი.  მიმაჩნია, რომ ორი-სამი  საჯარო სივრცე ქალაქში, უკვე გენგეგმაზე მუშაობის პერიოდშია შესაძლებელი  განთავისუფლდეს მანქანებისგან. ბევრმა ქალაქმა დაიწყო  ასეთი სტარტით, ბევრმა ქალაქმა აირჩია ეს გზა პრობლემის გადასაწყვეტად და რამდენიმე ადგილი, სადაც მეტად მწვავედ იდგა ეს პრობლემა, ტრანსპორტისგან გაათავისუფლეს.

რას უპასუხებთ სკეპტიკოებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თბილისში, მისი რთული რელიეფის გამო, ველობილიკების განვითარება შეუძლებელია?

–  ყოველთვის შეიძლება ადამიანმა გამონახოს მიზეზი და თქვას, რომ ამა თუ იმ სიახლის დანერგვა  არ არის შესაძლებელი. მნიშვნელოვანი აქტივობები გვჭირდება, რომ ჩვენი ოპონენტები საწინააღმდეგოში დავარწმუნოთ.    სტრასბურგში ველობილიკების მოწყობა 20 წლის წინ დავიწყეთ, როდესაც იმაზე მეტი ველოსიპედი არ იყო, რამდენიც დღეს თბილისშია.  უკვე ამ ეტაპზე, სტრასბურგში,  საჯარო მოძრაობის 20%  სწორედ ველოსიპედებზე მოდის. თბილისი იდეალური ქალაქია საველოსიპედო ბილიკებისთვის. ჩვენი პრობლემა სტრასბურგში  ისაა, რომ არ გვაქვს აღმართ-დაღმართები და აქედან გამომდინარე,  ველოსიპედით მგზავრობა გარკვეულწილად მოსაწყენიცაა.

ქალაქში ქაოტური მდგომარეობაა მშნებლობებიმხრივ, საინტერესოა ამ პრობლემასთან გამკლავების თქვენეული ხედვა?

– პირველი ამოცანა, რაც ქალაქის დაგეგმარების კუთხით არსებობს, არის ის, რომ მოხდეს მშენებლობების რეგულირება საკანონმდებლო ჩარევებით, შესაბამისი ცვლილებებით არსებულ წესებში. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების  წინააღმდეგ მიმართული ხისტი გადაწყვეტები, მაგრამ ამ წესებმა უნდა შეძლონ ქალაქის სწორი განვითარებისთვის აუცილებელი გრძელვადიანი მობილიზება საერთო სურათის შესანარჩუნებლად.

– რა აზრის ხართ მშვიდობის ხიდზე, რიყის პარკში არსებულ მილების ფორმის საკონცერტო დარბაზებზე?

– ყველა ქალაქს აქვს ძველი და თანამედროვე ისტორია. ჩემის აზრით, ეს ობიექტები მეტად საინტერესოა,  უბრალოდ ისინი არასწორ ადგილას არიან განთავსებულნი.  თუმცა, ისინი უკვე არსებობენ კონკრეტულ ადგილზე და სამწუხაროდ, როგორც სჩანს, ვერაფერს შევცვლით.  ვფიქრობ მათთან შეგუება  უფრო ადვილია, ვიდრე „მილენიუმის“ ახლად აშენებული შუშის შენობასთან, რომელიც ქალაქის ცენტრში ჩამოყალიბებულ გარემოს მთლიანად ანგრევს.  რიყეზე 20 მაღალ ხეს თუ დარგავენ  იმ „მილების“  გარშემო, ისინი  აღარ გამოჩნდება  და პრობლემაც გარკვეულწილად მოგვარდება.

13 ივნისის სტიქიის შესახებ ინფორმირებული იქნებითროდესაც აშენებენ ესტაკადებს, ადგილი  ძირფესვიანად უნდა იქნეს შესწავლილი, თუ არა?

– კატასტროფა ძალიან მკაფიო სიგნალია იმის გასაცნობიერებლად, რომ ბუნების საწინააღმდეგო ქმედებები კარგს არაფერს მოიტანს.  თბილისისთვის ყველაზე დიდი განძი მისი ლანდშაფტია.  ბოლო 30 წლის განმავლობაში, ბუნებასთან არასწორი დამოკიდებულების გამო, ეს ლანდშაფტი ძალიან დაზიანდა. ქალაქის პოპულაცია მეტ-ნაკლებად უკვე სტაბილურია და მომდევნო 15-20 წლის განმავლობაში, აუცილებელ პირობად უნდა იქცეს თბილისსა და მის შემოგარენში არსებული ბუნების განახლება და ეკორეაბილიტაცია.

რა ადგილი უნდა ჰქონდეს ქალაქის განვითარების თვალსაზრისით მწვანე საფარს?  

– ქალაქი და ბუნება განუყოფელი ნაწილია. თბილისის ყველაზე დიდი პოტენციალი ზუსტად ამ სახის ურთიერთობაშია, რომელიც არსებობს ქალაქსა და ბუნებას შორის. ამ ჩამოსვლაზე, საპროექტო გუნდის წევრებმა ბევრი ვისაუბრეთ თბილისის ზღვისა და მის ირგვლივ მსხვილი რეკრეაციული ტერიტორიების ჩამოყალიბების შესახებ. ახლო მომავალში, ეს ადგილი თუ მთლიანად განაშენიანდება საცხოვრებელი ფუნქციის მქონე განაშენიანებით, უზარმაზი პოტენციალის მქონე ტერიტორია, ერთი ხელის მოსმით დაიკარგება ქალაქისათვის.  აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და დაეყრდნონ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენ მათ უკვე შევთავაზეთ.

კომენტარი