რა ქმნის თბილისში საცობებს? – შალვა ოგბაიძე მენეჯმენტის ხარვეზებზე

რა ქმნის თბილისში საცობებს? – შალვა ოგბაიძე მენეჯმენტის ხარვეზებზე

965
გაზიარება

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, დედაქალაქში საცობების გამომწვევ რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს: არასინთეზირებული და დაურეგულირებელი შუქნიშნები; მიწისქვეშა და მიწის ზედა გადასასვლელების სიმცირე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებელი გრაფიკი; მოქალაქე, რომელმაც არ იცის ავტომობილის მართვა და პარკირებას ვერ ახერხებს; ურბანული პრობლემები; ტროტუარის ზედაპირზე მიმდინარე მშენებლობები და სხვა.
„დაანგრია ვიღაცამ ორსართუალიანი სახლი და აშენებს 14- სართულიანს. ამ 14-სართულიანს ვიწრო ქუჩაზე მინიმუმ 50 ავტომობილი ემატება. თუ გამტარუნარიანობით დაითვლება, აღმოჩნდება, რომ ის გზაჯვარედინი ვერ გაატარებს 50 ავტომობილს და უკვე კოლაფსი იქმნება ამ კონკრეტული ქუჩისთვის,“ – აცხადებს შალვა ოგბაიძე.
მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არაპოპულარულია და ადამიანი, რომელიც მუშაობას იწყებს, თუნდაც 500 ლარი ჰქონდეს ხელფასი, კრედიტით გამოჰყავს ავტომობილი.
როგორც „სითი კვირას“ შალვა ოგბაიძემ განუცხადა, არანაირი კოორდინაცია არ არსებობს მერიასა და სხვა სამსახურებს შორის. მაგალთად, ახდილი ჭა მერიის საქმე არ არის, ის ეკუთვნის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და მასთან უამრავი მიწერ-მოწერა უნდა გაიმართოს, იმისთვის, რომ ჭას თავი დაეხუროს.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი საუბრობს “სითი პარკის” პრობლემაზეც, საიდანაც მისი თქმით, არცერთი თეთრი არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტში და „რომელიც ავტომობილის მოპარვით არის დაკავებული და ეს პრობლემაც მერიამ ვერ მოაგვარა.“
რაც შეეხება ნაგავმზიდებს, რომელსაც შეზღუდული აქვთ ქალაქში მოძრაობა და საგანგებოდ შედგენილი გრაფიკით მოძრაობენ, თუ ეს გრაფიკი, რომელიმე ქუჩაზე საცობს ქმნის, ოგბაიძის აზრით, ესეც უნდა გადაიხედოს.
საკრებულოს დეპუტატს ეეჭვება, დღეს არსებული მენეჯმენტით მერიამ საცობების პრობლემა მოაგვაროს და თბილისის მთავრობას ურჩევს, სასტუმრო „აჭარის“ წინ მდებარე მოედნის გამოსყიდვაზე იფიქროს.
“საცობები – არის მოძრაობის სტრატეგიის არარსებობა ქალაქში. მას მარტო ვიწრო ქუჩა არ წარმოშობს. სასტუმრო „აჭარის“ წინ მდებარე მოედანი, რომელიც გაყიდულია, მოძრაობის ერთ-ერთი შემაფერხებელია. მერიამ ამ ადგილის გამოსყიდვაზე უნდა იფიქროს,“- მიაჩნია ოგბაიძეს და ცალკეული ქუჩების პრობლემაზე საუბრობს: „ასათიანის 10 ნომერში, ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე, რვა 116-მეტრიანი შენობა შენდება და ობიექტი გათვლილია 2500 ავტომობილზე. გზაჯვარედინზე, ასათიანისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული შუქნიშანი ერთ საათში ვერ გაატარებს 2500 მანქანას. ატარებს 1800-ს, ანუ დღეს არსებულს ძლივს ატარებს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, როცა 2500 ავტომობილი დაემატება,”- აცხადებს ოგბაიძე.
მისი აზრით, საცობების მოსაგვარებლად ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს სამუშაოები. „იმაზე ლაპარაკი, რომ ყოველდღე მატულობს ავტომობილების რიცხვი და ეს ქმნის საცობებს, არასერიოზულია. პრობლემის სათავე არის მენეჯმენტის ხარვეზი, როდესაც არ არსებობს პრობლემის მოგვარების სტრატეგია,“- აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი.

კომენტარი