ავტობუსების პარკის განახლებაზე სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარეობს    

ავტობუსების პარკის განახლებაზე სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარეობს    

684
გაზიარება

 

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე, კერძოდ კი, ავტობუსების პარკის განახლებაზე, მეტროს მოდერნიზაციასა და საბაგირო გზების განვითარებაზე ისაუბრეს, დღეს, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და მისმა მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთან ბრუნო ბალვანერასთან და აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევრობანკის მმართველ დირექტორთან   ფრანს მალიჟთან შეხვედრისას.

როგორც შეხვედრაზე ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, ახალ ავტობუსებზე  ტენდერი ამ დროისათვის მიმდინარეობს და სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება.

ირაკლი ლექვინაძემ EBRD-ის წარმომადგენლებს დედაქალაქში გადაადგილების გამარტივებისა და ტრანსპორტის ეკოლოგიურობის გაუმჯობესების თვალსაზრისით  არსებული ხედვაც გააცნო, რომელიც ხუთ ძირითად პრინციპს და მიმართულებას ეყრდნობა: ინფრასტრუქტურული პროექტები, ტრანსპორტის განვითარება, ადგილობრივი რეგულაციები, ტექნოლოგიური მიმართულება და ცნობიერების ამაღლების კამპანია.

მხარეებმა სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. განიხილეს ნარჩენების მართვის მიმართულებით  მუნიციპალური ტექნიკის განახლებისა და  გარე განათების სისტემების გაუმჯობესების, თანამედროვე, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე გადასვლის  შესაძლებლობები.

 „საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალა შემოგვთავაზეს, თუმცა, ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით საჭიროა მეტი დეტალიზაცია. შესაბამისად,  მივიღეთ თანხმობა და ვაგრძელებთ ყველა ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარი