თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს

თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს

606
გაზიარება

თბილისის საბავშვო ბაღების დირექტორების მოხსნას, მშობლებისა და ბაღის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, რამდენიმე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი ნაწილობრივ შეწყდა. კერძოდ, საუბარია 90-ე, 93-ე,83-ე და 211-ე ბაღებზე. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ სწავლის პროცესი სრულად ხვალიდან განახლდება.

როგორც „სითი კვირას“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძემ განუცხადა, თბილისის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც გუშინ სრულად შეწყდა სააღმზრდელო პროცესი, დღეს უკვე აღდგა და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, 90-ე, 93-ე,83-ე და 211 ბაგა-ბაღებში დირექტორების თანამდებობიდან მოხსნა გააპროტესტეს მშობლებმა და ბაღის თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა. ზოგმა მშობელმა საერთოდ არ მიიყვანა ბავშვი ბაღში, ზოგმა კი მიიყვანა და არ დატოვა.

 „იმ ბაღებში, სადაც დღეს ნაწილობრივ ჩაიშალა სასწავლო პროცესი თანამშრომლები დაგვპირდნენ, რომ ხვალიდან  მსგავსი ფაქტი არ განმეორდება და საკითხის გარკვევა სასამართლო ინსტანციაში გადაინაცვლებს და არ გაპროტესტდება ქუჩაში, “-განაცხადა ბურძენიძემ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუწოდებს ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომელს, ნუ ჩაერთვებიან ხელოვნურად მართულ პროცესებში. „თბილისის ბაგა-ბაღების რამდენიმე გათავისუფლებული დირექტორი, გარკვეულ ჯგუფებთან ერთად ცდილობს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და ბაღების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს. თუ კიდევ გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესის ჩაშლის მცდელობა, ნებისმიერი თანამშრომელი აგებს პასუხს ბაგა-ბაღის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად,“-აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარი