„ჩემი რობერტ ფროსტი“ – გამოფენის საზეიმო დახურვა გაიმართება

„ჩემი რობერტ ფროსტი“ – გამოფენის საზეიმო დახურვა გაიმართება

618
გაზიარება

27 მარტს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა „ჩემი რობერტ ფროსტი“ -ის საზეიმო დახურვა და „ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის მეგობრების“ პრეზენტაცია გაიმართება.
ცნობილი ამერიკელი პოეტის რობერტ ფროსტის 142 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ასრულებს გამოფენას „ჩემი რობერტ ფროსრტი.“ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი ხელოვანის ოლესია თავაძის 38 ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც ფროსტის პოეტური ნაწარმოებების ილუსტრაციებს წარმოადგენს. ნამუშევრები შთაგონებულია როგორც თავად ფროსტის პოეზიით, ასევე ჩინური მხატვრობითაც.
პროგრამა დაიწყება მოკლე ვიდეო ინსტალაციით რობერტ ფროსტის შესახებ, რომლის შემდეგაც მხატვარი ოლესია თავაძე გვესაუბრება თავის შემოქმედებაზე.
გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუზეუმთან არსებული ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი ნინო სიმონიშვილი ისაუბრებს გამოფენის შესახებ. დასკვნით სიტყვაში, ბატონი დავიდ ბ. სმიტი გაგვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს მისი არმჰერსტის კოლეჯში სწავლის დროს რობერტ ფროსტთან შეხვედრის შესახებ.
საღამოზე შემოგთავაზებთ ქართულ ქვევრის ღვინოს, რომლის დეგუსტაციის დროს გექნებათ თავად ხელოვანთან გასაუბრების შესაძლებლობა. საღამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, მოხდეს ფონდების მოძიება საქველმოქმედო და საგამომცემლო პროგრამებისთვის, რომლის პირველი პროექტი იქნება გამოფენის კატალოგი „ჩემი რობერტ ფროსტი.“ საღამოს მსვლელობისას მოგეცემათ საშუალება გაწევრიანდეთ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის მეგობრები“ და ამით მხარი დაუჭიროთ მსგავს საინტერესო პროექტებს.

კომენტარი