რეჟისორ მერაბ ჯალიაშვილის კოლექცია ეროვნულ არქივს გადასცეს

რეჟისორ მერაბ ჯალიაშვილის კოლექცია ეროვნულ არქივს გადასცეს

501
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდებს, ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამაარსებლის,  ტელერეჟისორ მერაბ ჯალიაშვილის პირადი არქივი შეემატა.  სატელევიზიო ფილმებისა და სატელევიზიო დადგმების კინოფირები და ვიდეოჩანაწერები; ფილმების სცენარები, აფიშები, საგაზეთო პუბლიკაციები, წერილები და სხვა დოკუმენტები არქივს მისმა შვილმა, დიმიტრი ჯალიაშვილმა გადასცა.

როგორ ,,სითი კვირას“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, კოლექცია 1950-1980-იანი წლების ფოტოდოკუმენტებსა და სატელევიზიო ფილმებს მოიცავს. მერაბ ჯალიაშვილის მიერ გადაღებულ ფილმებს შორისაა: პირველი სატელევიზიო დადგმა „ბებრები“, პირველი სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დედის ხელი“; დოკუმენტური ფილმი „მღერის ბორჯომის ნაძვი“ (1961), რომელმაც რამაზ ჩხიკვაძის ადრეული კინოროლი შემოინახა.

მათივე ინფორმაციით, კოლექციაში  ასევე დაცულია, ვერიკო ანჯაფარიძის მოგონება უშანგი ჩხეიძეზე და პირდაპირ ეთერში „ურიელ აკოსტას“ რეპლიკების გათამაშების უნიკალური კინოკადრები.

ფოტოკოლექცია რაც შეეხება, აქ თავმოყრილია  კადრები სატელევიზიო დადგმებიდან: „თეთრი ღამეები“, „ოიდიპოს მეფე“, „რიჩარდ მესამე“, „მოკლა ადამიანი“ და სხვ.; ასევე ტელევიზიის თანამშრომლების,  კინორეჟისორების, სცენარისტების, ოპერატორების, მსახიობებისა და შემოქმედებითი ჯგუფების სხვა წევრების პორტრეტები, შემოქმედებითი საღამოების ამსახველი ვიზუალური მასალა; თბილისში გამართული სატელევიზიო ფილმების VI ფესტივალისა და სხვა კულტურული მოვლენების ამსახველი ფოტოები.

მერაბ ჯალიაშვილმა 1956 წლის 30 დეკემბერს პირველმა გახსნა საქართველოს სატელევიზიო ეთერი. 1956-1998 წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურული რედაქციის უფროსი, მუსიკალურ გადაცემათა რეჟისორი, ლიტერატურული გადაცემების, სატელევიზიო დადგმების, სამეცნიერო-პოპულარული, თუ სასწავლო პროგრამების რეჟისორი და მთავარი რეჟისორი.

კომენტარი