ფესტივალი „ფანARTი“ დაიხურა – ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა რჩეულები გამოავლინა

ფესტივალი „ფანARTი“ დაიხურა – ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა რჩეულები გამოავლინა

434
გაზიარება

მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარე ფესტივალი „ფანARTი“, 31 მარტს საზეიმოდ დაიხურა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა და სპონსორმა კომპანიებმა, თითოეულ დარგში თავიანთი რჩეულები გამოავლინეს და სამახსოვრო პრიზები გადასცეს. ფესტივალი ხელოვნების ათ დარგს მოიცავდა: საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა, მხატვრობა, ქანდაკება, კინემატოგრაფია, სოციალური ტელემედია, როკი და ალტერნატიული მუსიკა, ლიტერატურა, ფოლკლორი, ფოტოგრაფია, სტენსილი.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ფესტივალის ყველა მონაწილე სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. რჩეულებს ცენტრი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს მოუწყობს. მათ შორის, ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“, თავის რჩეულ ნინო ჭინჭარაულს 100 ელექტრონული წიგნი გადასცა საჩუქრად. ცენტრი მას ასევე დაუბეჭდავს და გამოუცემს წიგნს. სადაზღვევო კომპანია „არდს“ ფესტივალის ფარგლებში ბევრი რჩეული აღმოაჩნდა, მათ შორის ფოლკლორის განხრით, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლის სოლისტები – ზურაბ ვერძაძე, გიგა დიასამიძე, ავთანდილ თურქია. ცენტრი თავის რჩეულ ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „ფერხისას“ დისკს გამოუცემს და კონცერტს მოუწყობს.
ასევე გამოვლინდნენ სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეულები საავტორო, ან იმპროვიზირებული კლასიკურ მუსიკაში – ციცი კიკაბიძე; მხატვრობაში – თამარ მოსულიშვილი; „თიბისი“ ბანკის რჩეული-თინათინ კუჭუხიძე; ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის რჩეული – ნინო მიქაბერიძე, რომელსაც ცენტრი პერსონალურ გამოფენას მოუწყობს. ქანდაკება – სადაზღვევო კომპანია „არდის“ და „თიბისი“ ბანკის რჩეული ზაურ გამყრელიძე გახდა; ცენტრი თავის რჩეულს, ბექა ჩხაიძეს პერსონალურ გამოფენას მოუწყობს. მას ასევე გადაეცა ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ საგზური. როკსა და ალტერნატიულ მუსიკაში ცენტრი თავის რჩეულს თათია ყურაშვილს ღია ცის ქვეშ სოლო კონცერტს მოუწყობს, სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული კი ანა ცუცუნაშვილი გახდა;  ფოტოგრაფიაში ცენტრი თავის რჩეულს – აბო ახვლედიანს, პერსონალურ გამოფენას მოუწყობს. სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეულია ნინო საბაძე; სტენსილი: ცენტრისა და „თიბისი“ ბანკის რჩეულია-ლევან ტყაბლაძეა; კინემატოგრაფიაში სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული გვანცა ჟღენტი გახდა, ხოლო „თიბისი“ ბანკის რჩეული-გიორგი გიუნაშვილი; ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში რჩეულის, სოფო ჭინჭარაულის ფილმების ჩვენება მოეწყობა.

კომენტარი