თბილისის გზებზე შესაძლებელია ტრამვაისა და სწრაფი ავტობუსის ხაზების მოწყობა – მამუკა სალუქვაძე

თბილისის გზებზე შესაძლებელია ტრამვაისა და სწრაფი ავტობუსის ხაზების მოწყობა – მამუკა სალუქვაძე

1184
გაზიარება

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი „სითი ინსტიტუტი საქართველო“, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თბილისის სატრანსპორტო სივრცეში ისეთი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის დაბრუნებას, როგორიც ტრამვაია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გენგეგმის საერთაშორისო ჯგუფის მიერ, მიმდინარეობს კონკრეტული სქემების შემუშავება.

როგორც „სითი კვირას“ „სითი ისტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა და თანადამფუძნებელმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, ტრამვაის მარშრუტების შერჩევა, გარკვეულ კვლევას უნდა დაეფუძნოს და ის ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის ერთიან კონტექსტში უნდა იქნას განხილული.

„ტრამვაის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეტად მნიშვნელოვანი სახეობის აღდგენაზე  მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და მათ შორის, კონკრეტული მარშრუტების განსაზღვრაც. ასევე  ვიმსჯელებთ ამ ყველაფრის ფინანსურ მხარეზეც. ამ ეტაპზე საუბარი იმაზეა, თუ რომელი მარშრუტები იქნება ყველაზე ოპტიმალური,“-აცხადებს სალუქვაძე.

მისი აზრით, ტრამვაის ერთ-ერთი უმთავრესი მომხიბვლელობა ის არის, რომ იგი ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებაა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ ერთ სახეობას, კერძოდ, სწრაფ ავტობუსს, მამუკა სალუქვაძის განმარტებით, ამ ავტობუსებს საკუთარი სამოძრაო ზოლი და კარგად გათვლილი მოძრაობის განრიგი ექნებათ. მის ზოლში გადასვლა აკრძალული იქნება სხვა სახის ტრანსპორტისათვის, რაც მისი შეუფერხებელი მოძრაობის გარანტია იქნება.

„იმის გამო, რომ ავტობუსები დღეს, საათობით დგანან საცობებში, მუნიციპალური ტრანსპორტის როლის ამაღლებაზე საუბარი ცოტა რთულია. ჩვენი უცხოელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ თბილისში შესაბამისი საგზაო ინფრაქსტრუქტურა გვაქვს და სავსებით შესაძლებელია, გარკვეულ მონაკვეთებზე ავტობუსისა და ტრამვაის ხაზების მოწყობა, ამასთან, ძირითადი ყურადღება უნდა დავუთმოთ, მოძრაობის სწორ ორგანიზებას ქალაქში,“-მიაჩნია მამუკა სალუქვაძეს.

კომენტარი