ჭრელი აბანო, მეჩეთი, ნარიყალა, კლდეზე შეფენილი სახლები… ვხატავ და არ ვიღლები –...

ჭრელი აბანო, მეჩეთი, ნარიყალა, კლდეზე შეფენილი სახლები… ვხატავ და არ ვიღლები – გივი თოიძე

3449
გაზიარება

ხელოვანის ნიჭიერებაზე მისი ნამუშევრები მეტყველებენ. დროსთან ერთად, მხატვრის შემოქმედება სიბრძნეს იძენს. საქართველოს სახალხო მხატვრის, შოთა რუსთაველისა და დავით კაკაბაძის პრემიების ლაურეატის, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორისა და თბილისის ორგზის საპატიო მოქალაქის,  ღირსების ორდენის კავალერის გივი თოიძის შემოქმედება, მშობლიური ქალაქისადმი სიყვარულითაა გაჟღენთილი.
იგი ძველ თბილისურ უბანში, ხელოვანთა ოჯახში და კოლორიტების გარემოცვაში იზრდებოდა.  მხატვრების დინასტიის წარმომადგენლის, გივი თოიძის თბილისს, განსხვავებული არომატი და  სითბო ახასიათებს.
“სითი კვირა“ ცნობილ მხატვარს ესაუბრა, რომლის ნამუშევრებიც დაცულია რუსეთში, „ტრეტიაკოვის გალერეასა“ და  აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმში, გერმანიაში „პიტერ ლუდვიგის გალერეაში“ და სხვა მრავალი ქვეყნის მუზეუმში. მისი ნახატები ინახება აშშ-სა და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტების, ჯორჯ ბუში უფროსისა და ჟაკ შირაკის, ასევე, სხვა ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებში.

 – გვიამბეთ თქვენს წინაპრებზე. რატომ აირჩიეთ მხატვრობა?

– დავიბადე ძველ თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე. ვიზრდებოდი სომხების, რუსების, ებრაელების, ქურთების, აზერბაიჯანელების გვერდით. მთელი უბანი  ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით.  ძალიან თბილი და ტკბილი ხალხი იყო. ჩვენი გვარი ცნობილი გვარია. მოსე თოიძე ბაბუაჩემის ძმა იყო. იგი ლენინგრადში (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის ფედერაციაში) ილია რეპინის სახელოსნოში სწავლობდა და მისი მოწაფე იყო.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვიზრდებოდი. მამაჩემი ფრონტზე წაიყვანეს და მამობას მოსე მიწევდა. დიდ ყურადღებას მაქცევდა. დღე და ღამე მოსესთან ვიყავი. ჭკუას მარიგებდა. ფუნჯებს ვურეცხავდი და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო.
ბავშვობიდან ვხატავდი, სახლში კედლები სულ მოხატული მქონდა. არავინ მიშლიდა. ეტყობა გრძნობდნენ ჩემს ნიჭს. ერთხელ ჩემმა მეზობელმა, ვოვამ მითხრა: – იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობ, წამოდი, თუ გინდაო და, მეც წავყევი. სასწავლებელში მიღება უკვე დამთავრებული იყო. ამ დროს სკოლაში მერვე კლასს ვამთავრებდი.  მომეწონა იქაურობა. სასწავლებელში გავიცანი თენგიზ გიგაური, რომელსაც  ქანდაკების განხრით  უნდოდა  სწავლა. 12965975_1130393120328003_2031211449_n ორივე ერთად შევედით დირექტორის მოადგილესთან და ჩვენი სურვილის შესახებ ვუთხარით.  კარგი კაცი იყო. მოგვისმინა და დირექტორ კოტე კიკნაძესთან შეგვიყვანა, რომელიც ასევე საუცხოო ადამიანი აღმოჩნდა. მოგვცეს დავალება, თაბაშირის ცხვირი დაგვიდეს, დავხატეთ. დირექტორს  მოეწონა ნამუშევარი: – რა გვარი ხარო?- მკითხა.
– თოიძე მეთქი,- ვუპასუხე.
-მოსე ვინ არის შენიო?
-ბაბუა-მეთქი.
– მერე რომ არ დაურეკავს? კარგი ბიჭი ხარო.
ასე ჩავირიცხე. იქიდან პირდაპირ მოსე პაპასთან მივედი. ძალიან გაუხარდა: – ყოჩაღ! კაცი გამოხვალ, მხატვარი იქნები, იმიტომ, რომ ხატვა გიყვარსო, – მითხრა.
მოსეს გარდაცვალებამ ძალინ იმოქმედა ჩემზე. ოთახში ჩავიკეტე და მისი პორტრეტი დავხატე – კუბოში ყვავილებით.
მხატვრობა უცნაური სამყაროა. მოსე მარიგებდა: – როდესაც ხატავ, შენ უნდა იყო საკუთარი თავის კრიტიკოსი, თავს სხვისი თვალით უნდა შეხედო, როგორც სარკეში.  იქ დაინახავ შენს სუსტ და დადებით მხარესო,- მეუბნებოდა.

– თქვენს ნამუშევრებში ჭარბობს თბილისური პეიზაჟები, რატომ?

– მიყვარს თბილისი. ყოველთვის ვცდილობ ჩემი ცოდნა, ჩემს ფერწერულ ნამუშევრებში გამოვხატო.  თბილისს სხვა არომატი აქვს. ჭრელი აბანო, მ12969414_1130393116994670_1745081250_nეჩეთი, ნარიყალა, კლდეზე შეფენილი სახლები, რომლებსაც სულ ვხატავ და არ ვიღლები.
მოსე პაპა მეტყოდა ხოლმე,- ფერწერა თუ გინდა ისწავლო, ძველ თბილისში უნდა გაიარო,  იქ ისეთ ადგილებს ნახავ, თვითონ მიხვდები რა უნდა გააკეთო, მაშინ გამოჩნდება შენი სიყვარულიო…
მართლაც ძველ თბილისში სულ სხვა ფერადოვნებაა. მაშინვე გამოჩნდება ფერის აღქმის როგორი უნარი გაქვს.
ძველი თბილისის სახურავებს ვხატავდი. მიყვარს ჩემი თბილისი და მისი სახურავებიც. გარკვეული ხნით თუ წავალ სადმე,  ამხელა კაცს, როგორც მშობელი ისე მენატრება თბილისი. თბილისმა ყველაფერი მომცა იმისთვის, რომ მხატვრად ჩამოვყალიბებულიყავი.

– გამოდის, თქვენს სახელოსნოში  მარადისობა იქმნება?

– რა თქმა უნდა, ჩემს სახელოსნოში მარადისობა იქმნება, იმიტომ რომ, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, ინგრევა, ხოლო ჩემს ტილოებზე ქალაქი რჩება, თავისი ძველი სახით. მხოლოდ ნახატებში შემრჩა ძველი თბილისი. ის ერთ-ერთი ულამაზესი ფერწერული ქალაქი იყო. ასევე ქუთაისიც, იქ ეტიუდებს ვწერდი.12939684_1130393056994676_686297136_n

– ეროვნული თვითშეგნება, როგორც ინტელექტუალური ფაქტორი, ახდენს გავლენას შემოქმედებით პროცესზე?

– მხატვრები სხვადასხვა ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. ფილოსოფოსობა არ არის საჭირო. ღმერთი გეხმარება, ის გაძლევს ნიჭს, მაგრამ დიდი შრომაც გჭირდება. შრომაში, როგორც პალიტრაში იშლება ფერი, ისეთი ილუზიები იქმნება, ზოგჯერ შეიძლება დაიბნე. ინტელექტი ნიჭია, ის გეხმარება. თუ ბევრი არ იმუშავე და ბევრი არ წერე, ფანტაზია და ემოცია განელდება. ქართული ტრადიციების მოყვარული კაცი ვარ. სულ  ვცდილობ, ისეთი რამ მოვიფიქრო, რომ მხოლოდ ჩემთვის კი არ იყოს საინტერესო, არამედ საერთოდ საზოგადოებისთვის. საქართველო მარტო ზღვა არ არის, აქ არის კულტურა, ისტორია, საუკუნეებისგან დანატოვარი, მინდა ეს დავანახო სხვებსაც. დავხატე შატილი. ეს ულამაზესი, ფანტასტიური ადგილია, ამ ნახატში სიცოცხლე ჩავდე.12968566_1130392880328027_936852765_n

– თქვენმა ნამუშევრებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– ამაში საიდუმლო არაფერია. ღმერთმა მომცა ნიჭი და შრომის უნარი. საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს. ჩვენთან დაფასება არ იციან. მხატვარს განსხვავებული  ცხოვრება აქვს. ცოტა უცნაური ხალხი ვართ. ჩემმა მეორე მეუღლე ნუნუმ, ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა, ყველაფერში გვერდით მედგა. თუ რამე შევქმენი, დიდი წილი მისი დამსახურებაა. 12966656_1130392773661371_241816571_nღირსეული ქალბატონი იყო, შვილები გამიზარდა. ამას დაფასება უნდა. რასაკვირველია, მიყვარდა, მაგრამ, თურმე მას უფრო ვყვარებივარ.
მახოვს, როდესაც რუსთაველის პრემია მივიღე, ფილტვების ანთება მქონდა, ვიწექი. ტელეფონი არ გაჩერებულა,  მირეკავდნენ და მილოცავდნენ. გაისმა ზარი და ბიძაჩემმა ირაკლი თოიძემ (რომელიც ოთხი სახელმწიფო პრემიის ლაურეატია) დამირეკა და მადლობა გადამიხადა, ჩვენს გვარს ეს დიდი ჯილდო რომ შეჰმატეო. ეს სიტყვები ჩემთვის ყველაფერი იყო. თითქოს მაშინვე გამიარა ფილტვების ანთებამ და გამოვკეთდი.

– თქვენი შთამომავლები თუ აგრძელებენ, თოიძეების, როგორც მხატვრების საგვარეულო დინასტიას?

– მხატვრები არიან ვახტანგი, მაია და თეა. თეა თავის ოჯახთან ერთად აშშ – ში ცხოვრობს, ნინო არ არის მხატვარი, ამჟამად იგი ინგლისში ცხოვრობს.

– გამოფენის გამართავს თუ აპირებთ?

– 83 წლის ვარ. ღმერთის ნებით, თუ ვიცოცხლე, 85 წლის იუბილეზე, მინდა რამდენიმე ნამუშევარი შევქმნა. წინასწარი გეგმები არ მაქვს, არც მიყვარს რამის დაგეგმვა. ვაპირებ დიდი გამოფენა გავაკეთო და თბილისს მივუძღვნა. ეს იქნება ფინალი.

თათია პაიჭაძე

12935460_1130392903661358_1391150648_n 12939604_1130392786994703_31099351_n

12965998_1130392780328037_242340117_n 12968524_1130393033661345_2021929131_n 12968735_1130393046994677_1961505243_n

კომენტარი