პროექტი „ცოცხალი წიგნები“ განახლდება  

პროექტი „ცოცხალი წიგნები“ განახლდება  

501
გაზიარება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი „ცოცხალი წიგნები” 14 აპრილიდან განახლდება და შემოდგომამდე გაგრძელდება. სამინისტროში დღეს, პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში გამოცემული სამტომეულის პრეზენტაცია გაიმართება. კრებულში გაერთიანებულია „ცოცხალი წიგნების დღიურები“, რომელსაც მწერლები, პროექტის განმავლობაში აწარმოებდნენ, აგრეთვე მათი პროზა და პოეზია.
პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
როგორც ,,სითი კვირას “ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ქართველი მწერლები 14 ოქტომბრამდე საქართველოს ყველა რეგიონს მოივლიან და საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში პოეზიის საღამოებს გამართავენ, შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.
მათივე თქმით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 იანვარს, „დედაენის დღეს’’ დაიწყო. პროექტში 75 მწერალია ჩართული და ოთხ ეტაპად ხორციელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, მთელი წლის მანძილზე „ცოცხალი წიგნების დღიურები“ იბეჭდებოდა „ლიტერატურულ გაზეთში“. პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო, – „ცოცხალ წიგნებთან“ შეხვედრები გაიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე სამხედრო ნაწილებში.
2016 წლის პირველი თებერვლიდან კი, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა მასპინძლობს. მწერლები მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო – სპექტაკლის სახით აცნობენ.

კომენტარი