მუნიციპალური ტერიტორიების მითვისება მასობრივად მიმდინარეობს – თბილისის მერია

მუნიციპალური ტერიტორიების მითვისება მასობრივად მიმდინარეობს – თბილისის მერია

1895
გაზიარება

თბილისის მერია უკმაყოფილებას გამოთქვამს მოსახლეობის მიერ, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მიტაცების გამო და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, ​კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებით იმუქრება.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო ხანებში მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისების არაერთი ფაქტი დააფიქსირა, რასთან დაკავშირებითაც, დედაქალაქის მერიამ რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია და მოქალაქეებს უკანონო ნაგებობების დემონტაჟი მოსთხოვა.
“მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მასშტაბით, სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისება მასიურ ხასიათს იძენს, რაზეც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მყისიერად რეაგირებს,”- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურს პირვანდელ მდგომარეობაში მოჰყავს ის მარტივი და ასევე, კაპიტალურად აგებული კონსტრუქციები, სადაც არაერთხელ დატოვებულ შეტყობინებას მოქალაქეების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.
მერიაში ვარაუდობენ, რომ ნაგებობები, სადაც ხშირ შემთხვევაში არავინ ცხოვრობს, დაკავებული იყო შემდგომში დაკანონების მიზნით. მსგავსი შენობის დემონტაჟს მერია ამჟამად აფრიკის დასახლებაში, მებაღეობის ქუჩის N29-ე კორპუსის მიმდებარედ ახორციელებს. ხოლო, ამავე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია კიდევ 15 ფაქტზე და შედგენილია მითითების აქტები.
თბილისის მერია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება, მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური კი სისტემატიურად ახორციელებს კონტროლს და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ​კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

კომენტარი