,,დაგვიანებული ჩაი“ – პრემიერა თუმანიშვილის თეატრში

,,დაგვიანებული ჩაი“ – პრემიერა თუმანიშვილის თეატრში

2055
გაზიარება

თბილისის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, სპექტაკლ „დაგვიანებული ჩაის“ პრემიერა 22,23,24 აპრილს 20:00 საათზე გაიმართება. სპექტაკლი დედისა და ქალიშვილის ოთხი ეპიზოდური დიალოგისგან შედგება, რომლებიც ერთსა და იმავე დღესა და სივრცეში თამაშდება. სპექტაკლში ამბავი ​ყოფით–კომიკურიდან აბსურდულ -ტრაგიკულამდე გადადის, ხოლო სადა, იუმორით სავსე დიალოგები პიესის ფინალურ ეპიზოდს განსაკუთებულად დრამატულს ხდის.​
​როგორც ,,სითი კვირას“ მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრში განუცხადეს, სპექტაკლის მთავარი იდეაა – გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიდრე შეგვიძლია, ვიდრე ვართ, თორემ შეიძლება, სრულიად მოულოდნელად („სხვა დროს“) ამის შანსი აღარც მოგვეცეს. ამ მთავრი იდეის მიღმა პიესაში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა იკვეთება და ორგანულად იხლართება დედა–შვილის, ერთი შეხედვით ბანალურ საუბარში.
მათივე თქმით, სპექტაკლი მაყურებლისთვის ნაცნობ და გამოცდილ შეგრძნებებს ეხება. გვახსენებს, რომ ყოველდღიურობაშიც უნდა გამოვხატოთ ერთმანეთისადმი სიყვარული, პატივისცემა, კეთილი სიტყვა თუ თანადგომა.
რეჟისორმა ირაკლი გურგენიძემ „დაგვიანებული ჩაი“ – სელმა დიმიტრევიჩის პიესის მიხედვით დადგა. რეჟისორის ასისტენტია ელა კაზარიანი, მხატვარი – შოთა გლურჯიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინო ბურდული, ანა ნიკოლაშვილი.
სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარი