XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ იწყება

XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ იწყება

741
გაზიარება

დედაქალაქისა და რეგიონების საკონცერტო დარბაზები,  6 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით, კვლავ უმასპინძლებენ კლასიკური მუსიკისა და აკადემიური ხელოვნების XI საერთაშორისო ფესტივალს „აღდგომიდან ამაღლებამდე“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია აშშ-ში მოღვაწე, ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
ფესტივალი უკვე 10 წელია ქვეყნის კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად არის ქცეული. 6 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შესრულდება ჯ. ვერდი – „დონ კარლოსი“, რომელიც ეძღვნება კომპოზიტორის გარდაცვალების 115 და ოპერის შექმნიდან 150 წლისთავს. პროექტის ავტორია მსოფლიოში აღიარებული სოპრანო იანო-თამარ ალიბეგაშვილი, რომელიც 10 წლის წინ ასევე ფესტივალის საპატიო მონაწილე იყო. ამჯერად ის თბილისს უცხოელ კოლეგებთან ერთად ეწვევა.
ჯ. ვერდის „დონ კარლოსი “ მსგავსი ვერსიით პირველად დაიდგმება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. საგანგებოდ ამ კონცერტისთვის პირველად საქართველოს დედაქალაქს სტუმრად ეწვევა ცნობილი ესპანელი დირიჟორი ხოსე ლუის გომესი. კონცერტში მონაწილეობს თბილისის ოპერის გუნდი და სიმფონიური ორკესტრი.
8 მაისს კონსერვატორიის დიდი დარბაზი კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს. 20 მაისს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ტრადიციულად გაიმართება კონცერტი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება. ხოლო 22 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, კონსერვატორიის დიდი დარბაზში ქართული საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართება.

კომენტარი