მიწის ლეგალიზების მოთხოვნით თბილისის საკრებულოს უკვე, 1673-მა მოქალაქემ მიმართა 

მიწის ლეგალიზების მოთხოვნით თბილისის საკრებულოს უკვე, 1673-მა მოქალაქემ მიმართა 

1070
გაზიარება

მიწის ლეგალიზების მოთხოვნით საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში, 1 673-მა მოქალაქემ მიმართა, ამათგან თანხმობა 440 -მა განაცხადმა მიიღო, 365-ს უარი ეთქვა, ხოლო 729 საკითხზე განხილვა გადაიდო.
გარდა ამისა, კომისიაში შესული 111 განაცხადი სხვადასხვა საკითხს შეეხებოდა.
წინა წლების მონაცემებს რაც შეეხება, როგორც „სითი კვირას“ კომისიაში განუმარტეს, 2014 წელს 697 განაცხადი შევიდა, თანხმობა მიიღო 165-მა განაცხადმა, ხოლო 160 არ დააკმაყოფილეს.
მათივე ინფორმაციით, 2014 წელთან შედარებით, მიწის ლეგალიზებაზე მოსახლეობის მხრიდან აქტივობა გაცილებით მაღალი იყო 2015 წელს, როდესაც კომისიაში 4 397 განაცხადი შევიდა, თანხმობა 1 270-მა მიიღო, უარი – 941-მა.
თუ რა პრობლემებს აწყდება მოსახლეობა განაცხადის განხილვის პროცესში და დედაქალაქის რომელი უბნების მაცხოვრებლები აქტიურობენ, საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ამ მონაცემების მოძიება გაუჭირდათ.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ბოლო სხდომა, თბილისის საკრებულოში 25 აპრილს გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 97 განცხადება განიხილეს. კომისიის წევრების ინფორმაციით, განმცხადებლის მიმართ გაჩენილი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფი ვითარებას ადგილზე სწავლობს. აუცილებლობის შემთხვევაში კი, მუშაობის პროცესში დარგის ექსპერტების ერთვებიან და კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას, მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდგომ იღებს.
სხდომას დეპუტატების გარდა, უშუალოდ განმცხადებლები, თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიის ინფორმაციით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, საქართველოს მოქალაქემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სახელზე, დედნის სახით სრულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საჯარო რეესტრიდან ცნობა – დახასიათება საინვენტარიზაციო გეგმასთან ერთად და ცნობა მესაკუთრის შესახებ მაშტაბით 1:500-ზე. ასევე, ორთოფოტო ბეჭდით და კოორდინატებით; საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია; ნოტარიულად დამოწმებული მეზობლების დასტური; პირადობის ასლი; ღობის – შენობის ფოტო სურათები.
როგორც „სითი კვირას“ საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში განუცხადეს, მიწის იმ ნაკვეთის დამტკიცებისას, რომელიც არ შედის კორპუსის წითელ ხაზებში, მოქალაქემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმი. ხოლო მემკვიდრეობით მიღებული ქონების დასაკანონებლად, დანარჩენ საბუთებს უნდა დაურთოს სამკვიდრო მოწმობა.
მოქალაქეს შეუძლია საკრებულოს უარი, სასამართლოში ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს.

კომენტარი