თბილისის გენგეგმაზე მომუშავე კონსორციუმმა შუალედური ანგარიში წარმოადგინა

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე კონსორციუმმა შუალედური ანგარიში წარმოადგინა

1089
გაზიარება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა, მოსამზადებელი სამუშაოები პირველ ეტაპზე დაასრულა. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა შუალედური ანგარიში დღეს, დედაქალაქის მერიაში წარადგინეს და ქალაქის მთავრობის წევრებს გააცნეს.
სამუშაო შეხვედრა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მას მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, არქიტექტორები და დეველოპერები ესწრებოდნენ.
როგორც თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, შუალედური ანგარიში იძლევა ზუსტ წარმოდგენას, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიური, ტრანსპორტის, ფუნქციური ზონების და სხვა მიმართულებებით.
მისივე თქმით, დასრულდა გეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დაზუსტების პროცესი. გეგმარებითი დავალება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების საკვანძო ეტაპს წარმოადგენს, ის ადგენს დაგეგმვის და მისი განხორციელების ეკოლოგიურ, ტექნიკურ, საორგანიზაციო პირობებს. მასში დაზუსტებულია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შინაარსი და შემადგენლობა.
გენერალური გეგმის განახლებაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონსორციუმი მუშაობს. მომდევნო სამუშაო შეხვედრა სამ თვეში გაიმართება.

კომენტარი