სასტუმრო ,,თბილისი რუმსში” საგზაო უსაფრთხოებაზე იმსჯელეს  

სასტუმრო ,,თბილისი რუმსში” საგზაო უსაფრთხოებაზე იმსჯელეს  

684
გაზიარება

გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო ,,თბილისი რუმსში”, ,,საგზაო უსაფრთხოების კონფერენცია” გაიმართა, სადაც ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

13152805_1189128064445668_663309219_n

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
,,თბილისის მერია საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, საგზაო ინფრასტრუქტურა უფრო მეტად გამართული იყოს. ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, როგორც არსებული გზების მოწესრიგების, ასევე ახალი გზების გაყვანის თვალსაზრისით. ერთიანი სატრანსპორტო სისტემის მართვის მოდელის ფარგლებში ვაწესრიგებთ შუქნიშნების სისტემას,”- განაცხადა ნარმანიამ.
​მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები, რაც გულისხმობს მეტროს მოდერნიზებას, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მეტროსადგურის მშენებლობას, ასევე მუნიციპალური ავტობუსების ჩანაცვლებას.

ღონისძიება სასტუმრო “თბილისი რუმსში” ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით „გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის 2011-2020“ ფარგლებში გაიმართა. საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2011-2020 წლებისთვის გაერო-მ 2010 წელს გამოაცხადა და მოუწოდა ქვეყნებს, ამ პერიოდის განმავლობაში გაანახევრონ საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა, შეიმუშაონ მოქმედების გეგმა და გაატარონ პრევენციული ზომები, რათა 2020 წლისათვის, გზებზე სიკვდილიანობა 50%-ით შემცირდეს.
კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს.

13149854_1189128077779000_2029821195_n

კომენტარი