თბილისში დაკარგულ გერმანულ სოფელს გამოფენა მიეძღვნა  

თბილისში დაკარგულ გერმანულ სოფელს გამოფენა მიეძღვნა  

765
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირისა“ და „ტფილისის ჰამქარის“ ორგანიზატორობით გაიმართა გამოფენა სახელწოდებით – „ალექსანდერსდორფი-თბილისში დაკარგული გერმანული სოფელი’’ და ნესტან თათარაშვილის ილუსტრირებული ლექცია- „გერმანელები საქართველოში 1817-2017“ .
როგორც გამოფენის ინიციატორმა, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილია დიდუბის განაშენიანებაში ჩაკარგული და რამდენიმე შენობის სახით ჯერ კიდევ შემორჩენილი, ძველი გერმანული სოფელი „ალექსანდერსდორფი“ და მისი თავგადასავალი.
მისივე ინფორმაციით, სოფელმა, რომელიც თბილისში 1817 წელს გაჩნდა და სახელი რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის საპატივსაცემოდ დაერქვა, 1841 წლამდე იარსება. გამოფენის მიზანი კი, ამ სოფელის შესახებ თბილისელებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ალექსანდერსდორფში არსებული გერმანული შენობები აღირიცხოს, შეისწავლონ და მათი რესტავრაცია განხორციელდეს. ასევე, ალექსანდერსდორფის სახელისა და ისტორიის აღმნიშვნელი საინფორმაციო ბანერი განთავსდეს და თბილისის გენერალური გეგმის კონცეფციაში, ამ სოფელს კუთვნილი ადგილის მიენიჭოს.

გამოფენას, რომელიც საქართველოს გერმანელ კოლონისტთა შთამომავლის ოლესია დიმიტრიჩენკოსა და თბილისის საკრებულოს წევრის ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივით მოეწყო, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდერეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარე, ოლივერ რაისნერი ესწრებოდა.

კომენტარი