თბილისის ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვა დამტკიცდა

თბილისის ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვა დამტკიცდა

4446
გაზიარება

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, თბილისის ცენტრალურ ნაწილში საჯარო სივრცეების შენარჩუნების მიზნით, საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გადამეტება აღარ მოხდება, ასევე გამწვანებულ ტერიტორიებზე შეიზღუდება განაშენიანების პროცესი.
​თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში შესატანი ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სს(ი)პ არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა წარმოადგინა.
მისი განმარტებით, თბილისის ცენტრალურ ნაწილში საჯარო სივრცეების შენარჩუნების მიზნით, საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გადამეტება აღარ მოხდება. წესში შესატანი ცვლილებები, გარდამავალი პერიოდის ღონისძიებაა და საბოლოო პოლიტიკის შემუშავებამდე მას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე გუნდი შეასრულებს.

რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნულ პროექტში საკრებულოს შესაბამისი კომისიების მიერ შეტანილი დამატებითი ცვლილებები დეტალურად წარმოადგინა, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმა, საკითხს მხარი დაუჭირეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებსა და ასევე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტები განიხილეს.

გარდა ამისა, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირსა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული უსახელო სკვერისთვის სლოვაკეთის დედაქალაქის ბრატისლავას სახელის მინიჭებას დაუჭირეს მხარი. სხდომას დედაქალაქის მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და სს(ი)პ-ების წარმომადგენლები, ასევე არქიტექტორები ესწრებოდნენ.​

კომენტარი