გაზიარება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, სამინისტროში დღეს, ქართულ-ლიტვური სემინარი გახსნა, რომელიც მისი უწყების ეგიდითა და ლიტვის საელჩოსთან თანამშრომლობით იმართება.
სამი დღის განმავლობაში, ლიტველი სტუმრები ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ და ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
დელეგაციას ლიტვის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის კანცლერი ლაიმონას უბავიჩიუსი ხელმძღვანელობს.
როგორც ,,სითი კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, სემინარის ძირითადი თემებია: კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ლიტვაში; ლიტვის სამუზეუმო პოლიტიკა, კულტურული მემკვიდრეობის დიგიტალიზაცია: ლიტვის პოლიტიკა; კულტურა და ხელოვნების სისტემის მხარდაჭერა ლიტვაში.
შემოქმედებითი ევროპის ლიტვის ოფისის ხელმძღვანელი ეგლე დელტუვაიტე პრეზენტაციას გამართავს კულტურის ქვეპროგრამის პირობების, პრიორიტეტების და ფინანსურ მექანიზმებთან დაკავშირებით. სემინარებს კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მათივე ინფორმაციით, შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაინტერესებულ პირებთან 3 ივნისს, ბათუმში მსგავსი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართება.​

კომენტარი