ყოფილი “იმელის” შენობის წინ მიმდინარე მშენებლობას ტროტუარი ეწირება 

ყოფილი “იმელის” შენობის წინ მიმდინარე მშენებლობას ტროტუარი ეწირება 

5061
გაზიარება

თბილისის ცენტრალურ, რუსთაველის გამზირზე მდებარე, ყოფილი “იმელის” შენობაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, შენობის წინა ფასადთან, ტროტუარის ხარჯზე განათავსეს პანდუსი და კიბეები, რის გამოც გამზირის ამ მონაკვეთში მნიშვნელოვნად დავიწროვდა ქვეითებისთვის განკუთვნილი გზის ნაწილი.
როგორც “სითი კვირას” ქალაქმგეგმარებელმა ზურაბ ბაქრაძემ განუმარტა, საზოგადოებრივ სივრცეში კერძო პირის შეჭრა, რის გამოც საზოგადოებრივი ცხოვრება ფერხდება და ადამიანს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ეზღუდება, დაუშვებელია და მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, მსგავსი ქმედების აღსაკვეთად სასამართლოში სარჩელი შეიტანონ. 12806263_10206617092893743_198295361458164313_n
მისივე განმარტებით, რუსთაველის გამზირის ეს ნაწილი, გარდა იმისა, რომ ქალაქის საკუთრებაა, ასევე არის საზოგადოებრივი სივრცე. არის შემთხვევები, როდესაც ქალაქის მერია, კერძო პირს აძლევს ქალაქის საკუთრებაში შეჭრის უფლებას, თუ საქმე ეხება არა მშენებლობას, არამედ ტროტუარის გარკვეულ ნაწილზე, ღია კაფეს, ან მაგიდის განთავსებას, თუმცა ამასთანავე უწესებენ გარკვეულ ნორმას.

“საზოგადოებრივ სივრცეში, კერძო პირის შეჭრა დანაშაულია. კერძო პირის საქმიანობამ არ უნდა შეაფერხოს საზოგადოებრივი ცხოვრება. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ასეთი უფლება გასცეს მერიამ, როგორც საზოგადოების წარმომადგენელმა. მაგალითად კაფეს წინ დადგან მაგიდა, თან დაუწესებენ ზომას – 2 მეტრი და 20 სანტიმეტრის მეტი არ უნდა გადმოსწიოს და ა.შ. მაგრამ, ვიღაცამ, სტაბილურად სტაციონარული ნაგებობა ააშენოს საზოგადოებრივ სივრცეში, სადაც ხალხი დადის, ეს დაუშვებელია და მსგავსი ქმედება უნდა აღიკვეთოს. ეს უკვე თავხედობაა,”- მიაჩნია ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძეს.

13177578_10206677855208317_2299050510390700034_n

მისი აზრით, თბილისის მთავრობამ შესაბამის ზომებს უნდა მიმართოს და აღკვეთოს კერძო პირის მხრიდან მსგავსი თავნებობა. კერძოდ, მერიის ზედამხედველობის სამსახური, მშენებლობის დასრულებამდე გაეცნოს ვითარებას და, თუ აღმოჩნდება, რომ მშენებლობის დროს დაირღვა შეთანხმებულ პროექტი და დადგენილ გაბარიტებს გასცდნენ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ მშენებლობა და მიუღებელი კონსტრუქცია მოანგრევინონ.

“ხალხის მოსახმარი ადგილია ტროტუარი და ქალაქის მმართველობის მოვალეობაა არავის მისცეს მოქალაქეებისთვის საერთო სივრცის შეზღუდვის უფლება. ყველა მიეჩვია ამ უმსგავსობას. ვისაც მოესურვება ტროტუარებზე თხრიან სარდაფში ჩასასვლელ კიბეს, რომ თავისივე სარდაფში კაფე მოაწყონ და სხვა. მსგავს სურათს თბილისში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. ამითი საზოგადოებას ართმევენ თავის კუთვნილ სივრცეს სამართლებრივად, საკუთრების და მოხმარების თვალსაზრისითაც. პროცესი მიშვებულია და მსგავსი დარღვევები თანდათან ცხოვრების ნორმად იქცა. ამგვარად, თბილისის მაცხოვრებლებს მიაჩვევენ პატარ-პატარა სიმახინჯეებს და ხვალ, პირდაპირ ტროტუარზე, უზარმაზარ ნაგებობას დადგამენ,”- განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.

„სითი კვირა“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება ყოფილი “იმელის” შენობის წინ მიმდინარე მშენებლობა დაშვებულ ნორმებს და არის თუ არა საქმის კურსში თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური?
როგორც ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, ამ კონკრეტული ობიექტის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა “სითი კვირას” მიმართვის საფუძველზე, კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ და მედიას სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდიან.
მათივე თქმით, ყოფილი “იმელის” შენობის წინ არსებულ ტროტუარზე, ამჟამად მიმდინარეობს პანდუსის მოპირკეთება, გადაიხედება პროექტი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საქმის წარმოება დაიწყება.

„სანამ პროექტი არ შემოწმდება, ვერ დადგინდება ეს დარღვევაში ითვლება თუ არა. პროექტი შემოწმდება მოპირკეთების სამუშაოების დასრულების შემდეგ და, თუ აღმოჩნდება, რომ პროექტში სხვა გაბარიტებია მითითებული, რეალურად კი გადამეტებულია, დაიწყება საქმის წარმოება,“-აცხადებენ ზედამხედველობის სამსახურში.
“სითი კვირას” კითხვაზე, მაშინ, როდესაც ობიექტს, უკვე დასრულებულ მდგომარეობაში შეამოწმებენ, დაანგრევენ, თუ არა ტროტუარზე შეჭრილ ნაგებობას, ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ უკვე აშენებულს ვერ მოანგრევენ, მაგრამ პროექტის დარღვევისთვის ინვესტორს დაახლოებით 4 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმას დააკისრებენ.

13230274_10206677855248318_2275247243947331092_n

13335474_10206762800291891_1062379468_n

13269300_10206333937327380_1300973106298466858_n

კომენტარი