თბილისში საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკი „მაბუჰაი“ გაიხსნება

 თბილისში საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკი „მაბუჰაი“ გაიხსნება

835
გაზიარება

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, ამასთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკში დაგეგმილი მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი ღონისძიებების ფარგლებში, ზოოლოგიური პარკის ტერიტორიაზე, 13:00 საათზე საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკიმაბუჰაი“ გაიხსნება, სადაც პატარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან დამზადებული გასართობი ზონაა მოწყობილი სახლებით, კოშკურებით, სასრიალოებით, ქვიშის მოედნით, საძრომიალოებითა და მოტორიკის განმავითარებელი კონსტრუქციებით.

როგორც “სითი კვირას” თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკის დაარსების ინიციატორები არიან საქართველოს საპატიო კონსული ფილიპინების რესპუბლიკაში ტელმო კუნანანი და თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. პროექტი ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის (BICT) დაფინანსებით განხორციელდა.
მათივე ინფორმაციით, „მაბუჰაი“ იქნება საბავშვო მინიპარკი ღია ცის ქვეშ და ზოოპარკის დამთვალიერებლები პარკით უფასოდ ისარგებლებენ.

პარკის გახსნისა და ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, საქართველოს საპატიო კონსული ფილიპინების რესპუბლიკაში ტელმო კუნანანი (Thelmo Cunanan Jr.) და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი.

„ზოოპარკის ყველაზე დიდი მეგობრები ბავშვები არიან, ამიტომ პირველი ივნისისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. სპორტული და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებების გარდა, ჩვენს პატარა სტუმრებს სხვა სიურპრიზებსაც დავახვედრებთ. განახლებაა ჩვენს კოლექციაშიც. ბავშვები ნახავენ, რამდენიმე დღის წინათ, ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად მიღებულ ახალ ცხოველებს. ერთად აღვნიშნოთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, პირველ ივნისთან დაკავშირებული პროგრამა 12:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება და შემდეგ აქტივობებს მოიცავს: ტურნირი თოკების პარკში Activity, მხიარული სტარტები, სამაგიდო და გუნდური თამაშები, შეჯიბრება, კონკურსები, თემატური და ხელნაკეთი ნივთების სადგურები, ხატვა, ძერწვა, საცირკო წარმოდგენა, ილუზიონისტის შოუ, ანიმაციური ფილმების ჩვენება, თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრის სპექტაკლი, სახალისო სტენდები ფოტოგადაღებისთვის.
ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, მოეწყობა საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა „ცხოველები და ადამიანი“. დღის განმავლობაში სტუმრებს გაახალისებენ გიგანტური ხილის მასკოტები (ვაშლი, ბანანი, ყურძენი, მარწყვი) და ბუშტების ფიგურების დამზადების ”ჯადოქრები”.

კომენტარი