თბილისის მერია მოქალაქეს, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებაში ადანაშაულებს 

თბილისის მერია მოქალაქეს, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებაში ადანაშაულებს 

1036
გაზიარება

თბილისის მერია, მუნიციპალიტეტის საკუთრების უკანონოდ მითვისების მცდელობაში მოქალაქე ბელა გუბელაძეს ადანაშაულებს და ტერიტორიის გათავისუფლებას მოითხოვს.
სააღსრულებლო ფურცლის (№4-5/ს-ვ-170-16) საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები დღეს, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე მუნიციპალურ ტერიტორიაზე უნებართვოდ ჩადგმული ვაგონ-კონტეინერის დემონტაჟის განსახორციელებლად მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, არაერთხელ შემოწმებისას ვაგონ-კონტეინერი ცარიელი იყო, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს ადგილზე დღეს, ბელა გუბელაძე და მისი ოჯახის წევრები დახვდათ.
ბელა გუბელაძე აცხადებს, რომ მის ოჯახს წასასვლელი არსად აქვს და აღნიშნული ტერიტორია მათი საკუთრებაა. მერიაში კი აცხადებენ, რომ ტერიტორია, რომელზეც ბელა გუბელაძემ ვაგონ-კონტეინერი ჩადგა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

როგორც “სითი კვირას” მერიის პრესსამსახურში განუმარტეს, 2009 წლის 25 დეკემბერს, ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე დაგეგმილი ავტომაგისტრალის მშენებლობისას, კომპანია – შ.პ.ს. „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბელა გუბელაძესთან გააფორმა ხელშეკრულება და თანხის სანაცვლოდ მოქალაქე გუბელაძემ კომპანიას მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობა გადასცა. თანხის ოდენობა 92 293,71 ლარს (67 875 აშშ. დოლარი) შეადგენს. ამის შემდეგ, სამშენებლო კომპანია, შ.პ.ს. „კავკასუს როუდ პროჯექტმა” განახორციელა მოქალაქე ბელა გუბელაძის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
მერიის ინფორმაციით, ამავე შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქემ უარი თქვა, გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებაზე, ან ნებისმიერი გზით, შეთანხმებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შეფერხებაზე.

„გაყიდული ტერიტორიის მიმდებარედ ბელა გუბელაძის საკუთრებაში 13 ივნისის სტიქიის დროს 2 მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდა, სადაც გუბელაძე არის არა ერთპიროვნული, არამედ ერთ-ერთი მესაკუთრე და თანამესაკუთრეებს შორის ამ დროისთვის სასამართლოში დავა მიმდინარეობს. სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე კი თბილისის მერია მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს კომპენსაცია,“-განმარტავებ მერიაში და დასძენენ, რომ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს, ამ ტერიტორიაზე ვაგონ-კონტეინერი არ იდგა.
წყნეთის გზატკეცილზე, საკ. კოდით (№01.10.16.007.092) და მის მიმდებარედ ბელა გუბელაძის მიერ ვაგონ-კონტეინერის უნებართვოდ განთავსების შესახებ, დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, 2016 წლის 11 აპრილს, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ცხელ ხაზის მეშვეობით აცნობა.

კომენტარი