ქალაქში თავისუფალი სივრცე თითქმის აღარ არსებობს – რას ფიქრობენ სტუდენტები

ქალაქში თავისუფალი სივრცე თითქმის აღარ არსებობს – რას ფიქრობენ სტუდენტები

1092
გაზიარება

ველობილიკები წლებია, აღარავის უკვირს და სიახლეც არავისთვისაა. მეტიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ველოსიპედით  უამრავი ადამიანი სარგებლობს. ზოგმა ავტომობილი ველოსიპედით  შეცვალა კიდეც და ეს უკანასკნელი, მათთვის გადაადგილების მთავარ საშუალებად იქცა. დღესდღეისობით ველოსიპედით, თითქმის ყველა ასაკის ადამიანი გადაადგილდება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარობის მანიშნებელია. ეს კულტურა  ჩვენშიც ნელ-ნელა მკვიდრდება, მის განვითარებას კი, რასაკვირველია, ხელშეწყობა, პირველყოვლისა, სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება.
ველობილიკები საქართველოშიც გვაქვს, თუმცა აქა-იქ და ძალიან მცირე რაოდენობით. დედაქალაქი კი ველობილიკების აშკარა დეფიციტს განვიცდით, ეს იმ დროს, როდესაც ქალაქში გადატვირთულია სატრანსპორტო მოძრაობა, ყოველდღიურად ვაწყდებით საცობებს და ტროტუარებზე გავლაც შეუძლებელი ხდება.
ველობილიკების საპილოტე პროექტი შესაძლოა, გლდანში განხორციელდეს. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც უსარგებლიათ ველოსიპედით და არც აპირებენ მის გამოყენებას, მაგრამ ქალაქში ველოსიპედით მოძრაობის კულტურის განვითარება სხვა ტენდენციაზე მიანიშნებს.
რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით თბილისელი ახალგაზრდები? „სითი კვირა“ რამდენიმე მათგანს გაესაუბრა:

ვაკო ყიფიანი – ყველა ევროპულ და მოწესრიგებულ ქვეყანაში არის ველოსიპედისთვის განკუთვნილი ბილიკი. ასეთი გზების შექმნა ქალაქში მოძრაობას გაამარტივებს და მეც სიამოვნებით ვისარგებლებდი, ავტომობილებით გატანჯულ ჩვენს ქალაქში, ველოსიპედით.

ნინი შველიძე – თბილისში ველობილიკების გაკეთებას ვემხრობი, რადგან ქალაქში ველოსიპედების რაოდენობა თანდათან იზრდება, თუმცა თავისუფლად გადაადგილებისთვის სივრცეები, თითქმის არ არსებობს. ველობილიკების მეშვეობით, შესაძლოა ტრანსპორტის მოძრობაც გაუმჯობესდეს. ის ასევე დადებითად იმოქმედებს ეკოლოგიაზე.

13499874_1775151392722621_678300974_o

თამო სირბილაძე – ველობილიკები საგრძნობლად შეამცირებს ქალაქში საცობების პრობლემას და სტიმული იქნება მოქალაქეებისთვის, იმგზავრონ ველოსიპედით და მცირედით მაინც შეუწყონ ხელი ჩვენი დაბინძურებული ქალაქის გაჯანსაღებას. ველოსიპედის საშუალებით ქალაქში გადაადგილება უსაფრთხო გახდება. ველოსიპედით მოსარგებლე აღარ შეაწუხებს არც ფეხით მოსიარულეებს და არც საჭესთან მსხდომებს. გარდა ამისა, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ველობილიკები ქალაქის განუყოფელი ნაწილია და თბილისში, როგორც ქვეყნის დედაქალაქში, აუცილებელია მათი არსებობა.

სოფო ხურცილავა – მიმაჩნია, რომ აუცილებელიც კი არის ველობილიკები. ქუჩაში ხშირად ვხედავ ველოსიპედისტებს, ისინი შუა ქუჩაზე გადაადგილდებიან, რაც უსაფრთხო ნამდვილად არ მგონია. უკეთესი იქნება, თუ ველობილიკი საავტომობილო გზისგან განცალკევდება. ამით მოწესრიგდება მოძრაობაც და ამ სასარგებლო და ეკონომიურად ხელსაყრელი ტრანსპორტით მეტი ადამიანი დაინტერესდება.

დავით გალაშვილი -​ ველოსიპედები ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობას განტვირთავს, გამონაბოლქვის რაოდენობა შემცირდება და უფრო მეტ ადამიანს მისცემს იმის მოტივაციას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში მხოლოდ ველოსიპედით გადაადგილდებიან. სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში ავტობანზე არსებობს გამოყოფილი ველობილიკები და ადამიანები ათეულობით კილომეტრს გადიან თავიანთ სამუშაო ადგილებამდე. თუ თბილისშიც იქნება ამის ანალოგი, ნელ-ნელა ველოსიპედით გადაადგილება ტენდენციად იქცევა,თუმცა მაინც მგონია, რომ ველოსიპედის სრულფასოვან ტრანსპორტად აღქმას, გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან საქართველოში ველოსიპედი ხშირად, მხოლოდ დროის მოკვლის საშუალებაა. იქ, სადაც ველობილიკი უკვე გაკეთებულია, ხშირად შემინიშნავს ფეხით მოსიარულე, ამიტომ ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც დაარეგულირებს მოძრაობის წესებს.

ნანუკა მაღლაკელიძე – ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ ველიბილიკებს გააკეთებენ, ამით ველოსიპედის გამოყენების კულტურაც დაინერგება. პირველყოვლისა, დიდი გაბარიტების მქონე “ჯიპების” ნაცვლად, ველოსიპედით თუ ივლიან, გადატვირთული გზები ცოტა გათავისუფლდება. მეორე პოზიტიური მიზეზი, ალბათ, ეკოლოგიაა.ამდენი გამონაბოლქვი, ამდენი ტრანსპორტი… ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია. კიდევ ერთი დადებითი ისაა, რომ ველოსიპედით სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

თოზუ გულმამედოვა – ​ველობილიკები უნდა იყოს. თბილისში ბევრი ველომოყვარულია და ტურისტებისთვისაც თბილისი უფრო მიმზიდველი და კომფორტული გახდება.

13479263_287524558262309_314420117_n

ანი ვარდოსანიძე – ქალაქის ტროტუარებზე თავისუფალი სივრცე აღარ არის და ავტომობილები დგას. ესეც რომ არ იყოს, ველოსიპედით სიარული ჯანმრთელობისთვის გაცილებით უკეთესია, ვიდრე ავტომობილით.  13514451_287524571595641_976020166_nგიგა აბულაძე -​ იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში უკვე მუდმივად საცობებია, გადაადგილება მცირე დისტანციაზეც ჭირს და უამრავი დრო იკარგება, ველობილიკების არსებობა და ქალაქის ინფრასტრუქტურის ამ მიმართულებით განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია. თან უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თანამედროვე ქალაქების უმრავლესობაში, ამგვარი დაგეგმარება უკვე არსებობს და გამოცდილი პრაქტიკაა. ველობილიკების გაკეთება ტურისტებსაც კმაყოფილს დატოვებს და ჩვენც უფრო ჯანმრთელები ვიქნებით.

13480011_287524631595635_2059530081_n

კარლო მეგულაშვილი – მე, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ველოტურნირის რამდენიმე გზის ჩემპიონი, დაქალაქში ველოსიპედით ხშირად ვსარგებლობ და მიმაჩნია, რომ თბილისში ველობილიკები აუცილებელია, განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე, სადაც ავტომობილები არც თუ დაბალი სიჩქარით მოძრაობენ და გზას, რაღა თქმა უნდა, არ გითმობენ. ხშირად ვხედავ ველისიპედებს ტროტუარზე, სადაც მათი ადგილი არ არის. ველომოყვარულებს ეშინიათ გზაზე მოძრაობის და ტროტუარებით სარგებლობენ, ამის გამო, ფეხით მოსიარულეებს ეჩხირებიან. საღამოს იმდენი ხალხია, საერთოდ ვერ გაივლი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ველოსიპედისთვის გზის უკიდურესი მარჯვენა ნაწილია განკუთვნილი, მაგრამ განსაკუთრებულად აგრესიულები სამარშრუტო ტაქსის მძღოლები და ტაქსისტები არიან, რადგან ამ ზოლში მოძრაობა მათაც ხშირად უწევთ. თბილისში ველობილიკების არსებობა ხალხის ამ ტრანსპორტით მეტად დაინტერესებას გამოიწვევს, დაინერგება ჯანსაღი ცხოვრების წესი. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ბათუმის ველობილიკზე ხან ადამიანები დასეირნობენ, ხან-ავტომობილები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბილიკმა, ხალხის შესაბამისი თვითშეგნების არარსებობის გამო, თავისი მოვალეობა ვერ შეასრულა, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ და რაღაც გამოვა.

13474101_287524671595631_173556222_n

ქრისტინა რომანაძე – ვფიქრობ, ველობილიკი აუცილებელია დედაქალაქისთვის, რათა ველოსიპედის მომხმარებლებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება გაუმარტივდეთ. ყოფილა შემთხევა, როცა უნივერსიტეტიდან სახლში მიმავალს მოულოდნელად ველოსიპედი დამჯახებია ან გვერდი აუვლია და გადატრიალებულა. რაღა დაგიმალოთ და, მეც დავეჯახე ერთხელ გოგონას. ველობილიკი მსგავს შემთხვევებს თავიდან აგვარიდებს და გადაადგილებაც გაცილებით უსაფრთხო გახდება.

13479415_287524708262294_93664669_n

სოფო ივანიძე – საჭიროა ველობილიკები და კარგი იქნება, თუ ველოსიპედით გადაადგილების კულტურას დავნერგავთ. ქალაქში საცობებია და ველობილიკები ამ პრობლემის აღმოფხვრაში დაგვეხმარება. ველოსიპედით გადაადგილებაც უსაფრთხო გახდება. ველობილიკებს ყველგან, სადაც კი ისინი მოწყობილია, ბევრი მომხარებელი ჰყავს.

13487848_287524841595614_174347865_n

ნინი სამხარაძე – მივესალმები ყველა ახალ წამოწყებას, რომელიც ადამიანების ცხოვრებას  გაახალისებს. ველობილიკი ერთ-ერთი ის პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს, ველოსიპედით მგზავრობის მოყვარულებს, ჰქონდეთ ადგილი, სადაც შეძლებენ, იმოძრაონ ისე, რომ ავტომობილებმა არ შეუშალონ ხელი.

კომენტარი