თბილისის აეროპორტის რეაბილიტირებული ასაფრენი ზოლი უახლოეს დღეებში გაიხსნება

თბილისის აეროპორტის რეაბილიტირებული ასაფრენი ზოლი უახლოეს დღეებში გაიხსნება

741
გაზიარება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 12 დღეში გაიხსნება, ამჟამად აგებენ შემასწორებელ ფენას. 450 მეტრიან მონაკვეთზე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის ფარგლებშიც ასფალტის სამი ფენა დაიგო, დამონტაჟდა სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა მარკირება.
​როგორც “სითი კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებს: „ბრავო“, “ჩარლის” და “ეკოს”. სამივე მათგანზე მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა მარკირება. გარემონტდა სამიმოსვლო ბილიკ „ჩარლის“ 560 მეტრიანი და სამიმოსვლო ბილიკ „ეკოს“ 90 მეტრიანი მონაკვეთი.
მათივე ინფორმაციით, სამიმოსვლო ბილკ „ალფას“ ბოლო 190 მეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის ფარგლებშიც მოხდა ასფალტის შემასწორებელი და მეორე ფენის გადაგება, შემდგომ კი გადაეგება მესამე ფენა, დამონტაჟდება სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდება სათანადო მარკირება.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (31L კურსით და 13R კურსით) მომდევნო 2550 მეტრიან მონაკვეთზე მთლიანად დასრულდა პირველი ეტაპისთვის განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოები (შემასწორებელი და მეორე ფენის გადაგება). ​
​თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა და შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი დარჩა.
მან მადლობა გადაუხადა აეროპორტის მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიას“, სამშენებლო კომპანია „ბლექსი გრუფს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალ უწყებებს – „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ და „საქაეროგავიგაციას“ შესრულებული სამუშაოებისათვის და განაცხადა, რომ ესოდენ რთული პროექტის განხორციელება, მხოლოდ ერთობლივი შრომით იყო შესაძლებელი.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სამუშაოების დასრულება ნიშნავს იმას, რომ თბილისის აეროპორტში დაფრენა-აფრენისას მგზავრებს აღარ ექნებათ ის ცუდი შეგრძნება, რაც აქამდე ჰქონდათ.
“განხორციელდა 3 კმ. სიგრძის ახალი გზის დაგების ტოლფასი სამუშაო. „თბილისის აეროპორტში ყოველდღე 10:00 საათზე იწყებოდა სამუშაოები და უკვე 20:00 საათიდან აეროპორტი იღებდა რეისებს. ეს ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა იყო,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, თბილისის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა, სახელმწიფო კომპანიების „საქაერონავიგაციისა“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“, აგრეთვე კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელებმა.

კომენტარი