ლისის ტბაზე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა

ლისის ტბაზე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა

1026
გაზიარება

ლისის ტბის ფერდობზე, 320 ადგილიანი, თანამედროვე, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა. მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ახლადაშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერეს.
​როგორც “სითი კვირას” ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, საერთო საცხოვრებელი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სამინისტროს განმარტებით, საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა.
​როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო, აშენდა 3 საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. ასევე, გაკეთდა: კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რაც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. გაკეთდა შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და დამონტაჟდა გარე განათება. ტერიტორია კეთილმოეწყო და გამწვანდა.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 5.250.777 ლარი შეადგინა. მშენებლობა 2015 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინებია. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

კომენტარი