შალვა დადიანის ქუჩაზე არსებული XIX საუკუნის სახლი რეაბილიტაციას საჭიროებს

შალვა დადიანის ქუჩაზე არსებული XIX საუკუნის სახლი რეაბილიტაციას საჭიროებს

748
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში მდებარე, შალვა დადიანის ქუჩის #12 სახლის მაცხოვრებლები შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ. კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე XIX საუკუნის სახლში 43 ოჯახი ცხოვრობს. სახლის საძირკველი ავარიულ მდგომარეობაშია, შენობის კედლები დაბზარულია, ხოლო სახურავი – დაზიანებული.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახლი მაცხოვრებლების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ხელისუფლებისგან ყურადღებას ვერ ღებულობენ და იძულებული არიან, ასეთ პირობებში ცხოვრება გააგრძელონ. დახმარებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
„გვეუბნებიან, თქვენი სახსრებით გააკეთეთ, 80% ჩვენ გადავიხდით, მაგრამ დანარჩენი თქვენ უნდა გადაიხადოთო. კოეფიციენტი დაბალია, ჩვენ ვერ შემოვალთ და ა.შ. ყოველთვის არსებობს უარის თქმის მიზეზი”, – აცხადებს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
მათივე თქმით, შენობის რეაბილიტაციას ადგილობრივების ფინანსები არ ყოფნის და ცდილობენ, დაზიანებული ადგილები თავად გაამაგრონ, მაგრამ შენობის ჩამონგრევის რისკი მაღალია. ოთხსართულიან სახლს ბოძიც კი შეუდგეს, თუმცა, ამით პრობლემა არ გვარდება.

როგორც კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი აცხადებს, შალვა დადიანის ქუჩის #12-ში არსებული მდგომარეობის შესახებ მისთვის ცნობილია და მოსახლეობას ურჩევს, არქიტექტორს მიმართონ, რათა შედგეს პროექტი და გამგეობამ სამუშაოების 90% დააფინანსოს.
„კულტურული მემკვიდრეობის თუ ჩვეულებრივი სახლების რეაბილიტაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მოსახლეობის ერთსულოვნება, საერთო პოზიცია, თუ რისი გაკეთება სურთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც გამგეობა და მერია მზად არიან, განახორციელონ კონკრეტული შენობის რეაბილიტაცია, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი, სხვადასხვა მიზეზის გამო, წინააღმდეგია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამხანაგობის წევრებმა გაითვალისწინონ მათი ერთობლივი პოზიცია, რაც ამ შემთხვევაში გადამწყვეტია“, – აცხადებს გამგებელი.

კომენტარი